ვლადიმერ გუცაევი - საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ გამოსვლაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ გუნდის მთავარი წარმატებები წინაა.
„რითია ჩვენი გუნდი კარგი? იმით, რომ ახალგაზრდული შემადგენლობაა და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. თუ ფეხბურთელებმა თავიანთი კარიერა სწორად წარმართეს და მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს, ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებს უფრო დიდი შესაძლებლობა და მომავალი აქვს.
უკვე აღარავის გაუკვირდება ჩვენი ნაკრების კარგი თამაში, როგორც ეს ამ ევროპის ჩემპიონატის დროს უკვირდათ. ჩეხებთან შედარებით ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო წამებზე მოგება შეგვეძლო. პორტუგალიას რომ მოვუგეთ, ეს მომავალში სენსაცია აღარ უნდა იყოს.
ვფიქრობ, ქართული ფეხბურთი არის იმის ღირსი, როგორც ჩვენ დროს იყო, რომ მისი სჯეროდეთ. ადრე სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ვერ წარმოედგინა, რომ მისი გუნდი წააგებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მეტოქე ვინ იყო – „ინტერი“, „ნაპოლი“, „ლივერპული“, „ჰამბურგი“ თუ სხვა გუნდი, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ უნდა მოგვეგო.
და რაც მთავარია – ყველა თაობას თავისი გმირები სჭირდება. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ამ თაობის ფეხბურთელები ბავშვების საყვარელი მოთამაშეები არიან. სოციალურ ქსელებში ვუყურებდი, ბავშვმა ქოჩორაშვილი დაინახა და ტირილი დაიწყო, ამით ყველაფერია ნათქვამი – ბავშვებს ამ ფეხბურთელების სახით თავიანთი კერპები ჰყავთ“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.