ვლადიმერ გუცაევი - ნაკრებში კარგი თაობა მოდის, ეს ინგლისის ახალგაზრდებთან მოგებამაც აჩვენა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - ნაკრებში კარგი თაობა მოდის, ეს ინგლისის ახალგაზრდებთან მოგებამაც აჩვენა #1TVSPORT

„ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებში კარგი თაობა მოდის“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ საინტერესო ახალგაზრდა თაობა წამოვიდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, იყო ერთი ძლიერი თაობა მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, შოთა იამანიძის. შემდეგ გვყავდა ძლიერი მოთამაშეები, საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ და ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს. თუმცა ეს მასობრივი არ იყო და მთლიანობაში პაუზა გვქონდა. შემდეგ გამოჩნდა ჩვენი პლეადა – ძალიან ძლიერი ფეხბურთელების ჯგუფი, მაგრამ ისევ პაუზა დადგა და ამის მერე, გამოჩნდნენ ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და ჩემი აზრით, ბევრი ძლიერი მოთამაშე. მას შემდეგ, ერთად ბევრი საინტერესო მოთამაშე ახლა წამოსულა. ახლანდელი თაობა კი ძალიან მახარებს“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა ვლადიმერ გუცაევმა.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მოსაზრება ახალგაზრდული ნაკრების მაგალითით განავრცო:

„ძლიერი თაობა რომ მოდის, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებითაც გამოჩნდა. ძალიან საინტერესო თამაში იყო და ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელები გამოჩდნენ. პლუს ეროვნულში რამდენია 19-20 წლის საინტერესო მოთამაშე. აი, ეს თაობა მოდის. ალბათ, აქცენტი ნელ-ნელა ამათზე უნდა გაკეთდეს და ვინც სანაკრებო დონეზე თავი ვერ გამოიჩინა, გვერდზე უნდა გაიწიონ და შანსი ახალგაზრდებს მიეცეთ. უკვე 12-13 მოთამაშეა, ვინც თავი გამოიჩინა“, – იმედოვნებს ვლადიმერ გუცაევი.