ვლადიმერ გუცაევი - ნაკრების მომავალი მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე კომენტარი ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გადაცემის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა გააკეთა.
„მთელი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშით ცხოვრობდა – ჟურნალისტები, გულშემატკივრები. ყველას ეგონა, რომ თბილისის „დინამოს“ წარმატებების შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც გავიხარებდით, მაგრამ ასე მგონია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს იმედები შორეულ პერსპექტივაში გადაგვეწია“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა და თქვა, რომ ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს.
„ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს ქართველი. ბოლო მწვრთნელიც, მანამდე იყვნენ ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი და წინ ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდამს. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენს მწვრთნელებს – ყიფიანს, ძოძუაშვილს, ჩივაძეს, მეც უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიგია. კახა ცხადაძემ თქვა, რომ ორი ფეხბურთელის ნაკრებში თამაში არ შეიძლება. მე კი ვიტყვი 10 მოთამაშეზე, რომ უბრალოდ თავისი კვალიფიკაციით არ არიან ღირსები, რომ ნაკრებში იყვნენ. ეს ვაისმა აღიარა, მაგრამ მანამდე უნდა ეფიქრა. მეორეცაა – ბევრი თავის ადგილზე არ თამაშობდა“.
მისი აზრით, სლოვაკი მწვრთნელის შეცდომა იყო ისიც, რომ ეროვნულ ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეებს არ ენდობოდა: „უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ საინტერესო მოთამაშეები საქართველოს პირველობაზეც არიან. უცხოეთში აქედან მიდიან ფეხბურთელები და კიდევ რამდენი საინტერესო მოთამაშე მეგულება – თუნდაც, „ლოკომოტივის“ ფლანგის შემტევი თორნიკე კირკიტაძე. ამ ბიჭის თამაში არ მავიწყდება. ასეთი სისწრაფის ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს, მგონი, ბლოხინზე სწრაფიცაა. რატომ არ შეიძლებოდა მისი გამოძახება, როდესაც ამ პოზიციაზე სწრაფი მოთამაშეები დაგაკლდა და ერთხელ არ ნახე, რა შეეძლო?“.