საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ქართულ ფეხბურთში ბიზნესის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ბოლო წლებში ფეხბურთში მოსული ბევრი ინვესტორი არ მინახავს. თუ არ მეშლება, უკანასკნელად ქუთაისის „ტორპედოში“ დავით კერესელიძე მივიდა – ეს იყო და ეს. არ ვიცი, რა ფენომენია და ჩვენთან რა ხდება, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხბურთს ავითარებს.
მაოცებს ის, რომ საქართველო საფეხბურთო ტალანტების ქვეყანაა. იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც ჩვენ გვყავდა და გვყავს, გარშემო არცერთ ქვეყანაში არ ჰყოლიათ. ამ ფაქტებს მაინც არ ვუყურებთ.
ისლანდიის მაგალითი რომ ავიღოთ – მცირე მოსახლეობაა, არაფერი არ აქვთ, სულ ზამთარი და სიცივეა, მაგრამ განავითარეს სპორტი, ახლა კი უმაღლეს დონეზე არიან. ამით ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რაოდენობა შეამცირეს, ისევე როგორც კრიმინალის დონე. ესაა სპორტული ცხოვრების წესის დადებითი გავლენა. ალბათ ეს ჩვენი ქვეყნის საფიქრალი უნდა გახდეს“, – ამბობს გუცაევი.