ვლადიმერ გუცაევი - გვჯეროდა, რომ ფინალში „კარლ ცაისის“ დამარცხება შეგვეძლო #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - გვჯეროდა, რომ ფინალში „კარლ ცაისის“ დამარცხება შეგვეძლო #1TVSPORT

42 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა,  თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და 1981 წლის 13 მაისის ფინალში ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ვლადიმერ გუცაევმა ამ წარმატებაში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის როლზე ისაუბრა.

„ბატონი ნოდარი თამაშისთვის ისე გვამზადებდა, დიდი მოტივაცია აღარ გვჭირდებოდა. ისე იქცეოდა და ისე გვესაუბრებოდა, რომ ფეხბურთელებს გამარჯვებულის სულისკვეთება ჩაგვინერგა.

„ვესტ ჰემი“ ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი კლუბი იყო, თასის მფლობელი და, შესაძლოა, ბევრი პანიკაში ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩვენ ისე წავედით, თითქოს დიდი არაფერი მეტოქე გვყავდა, იმიტომ, რომ მანამდე ოფიციალურ ტურნირებზეც ბევრი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ და ესპანეთში კარგ ტურნირებზე ვთამაშობდით.

გამოცდილება გვქონდა, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და ტაქტიკურ სქემას არ ვცლიდით. გუნდში კი გამარჯვებულის სულისკვეთება იყო და ვიცოდით, რომ სულ უნდა მოგვეგო. ფინალამდეც გვჯეროდა, რომ „კარლ ცაისის“ დამარცხება შეგვეძლო. გასახდელის ლიდერი? ერთი კი არა, რამდენიმე ლიდერი გვყავდა“,  – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.