ვლადიმერ გუცაევი - გაბელიას სიმაღლის მეკარეს არავინ დააყენებდა, ახალკაცი კი ენდო #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ გუნდის ლეგენდის, ვიტალი დარასელიას გზა გაიხსენა.
ვლადმერ გუცაევი: ნოდარ ახალკაცის კიდევ ერთი გამორჩეული სვლა უნდა აღვნიშნო. იცოდა, ვინ სად დაეყენებინა. თავიდან ვიტალი თავდამსხმელი იყო. ტექნიკური იყო და ფინტები იცოდა, მაგრამ თავდამსხმელისთვის საჭირო დიდი სისწრაფე არ ჰქონდა და ნოდარ ახალკაცმა უკან რომ დახია, ნახევრდაცვაში სწორედ მაშინ გახდა ის ვიტალია დარასელია, რომელიც ხალხმა გაიცნო. ახალკაცმა უპოვა მას ადგილი, როგორც საშა ჩივაძეს, დათო ყიფიანს…
ალექსანდრე ჩივაძე: მთავარია გუნდის მწვრთნელის ხედვა, მწვრთნელმა უნდა დაინახოს, სად არის ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი. წარმოგიდგენიათ, ახალკაცი რომ მოვიდა, ყიფიანი მარცხენა გარემარბს თამაშობდა, წინ კი ვოვა გუცაევი და გივი ნოდია იყვნენ. მაგრამ დააყენა იქ, სადაც უნდა დაეყენებინა. შოთა ხინჩაგაშვილი მარცხენა მცველი იყო და დაცვის ცენტრში დააყენა. მე კი ნახევარდაცვიდან დაცვაში დამწია. ამას ვერავინ ასწავლის.
ვლადიმერ გუცაევი: სხვათა შორის, ამ კუთხით ოთარ გაბელიას რომ ენდო, ესეც აღსანიშნავია. წარმოიდგინეთ, მეკარე 177 სმ სიმაღლის იყო და ენდო. ახლა ევროპაში მწვრთნელს რომ შესთავაზო ასეთი სიმაღლის მეკარე, გაგიჟდება, რადგან 190 სმ-ზე დაბალს ახლოს არავინ იკარებს. ნოდარმა კი მასში პოტენციალი დაინახა და ოთარმა რამდენს მიაღწია – საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე გახდა იმ დროს, როდესაც იყვნენ დასაევი, დეგტიაროვი, ტკაჩენკო და ჩანოვი.