ვლადიმერ გუცაევი - ევრო2020-ზე გასვლით, ჩვენი ნაკრები საქართველოსთვის უდიდეს საქმეს გააკეთებს
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა კომენტარი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოახლოებულ შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენს ქართულ ფეხბურთში ბოლო 30 წელიწადში არ გვქონია უფრო მნიშვნელოვანი მატჩი, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის შეხვედრაა. ვეტერანები, სპეციალისტები და გულშემატკივრები არ ველოდებით, რომ ლამაზი ფეხბურთი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრები ლამაზ ფეხბურთსაც თუ აჩვენებს, ეს გაგვიხარდება, მაგრამ 12 ნოემბერს მთავარი შედეგი იქნება, რადგან ამით ძალიან დიდი საქმეს გააკეთებს მთელი საქართველოსთვის და კერძოდ, ფეხბურთისთვის. ამიტომ, რაც უნდა მოხდეს, ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა უნდა მოიგოს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ვლადიმერ გუცაევი.
„ოქროს“ თაობის თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელის თქმით, ნაკრების კარგი მომზადებისთვის გარემო მნიშვნელოვანია: „ჩემს კარიერაში ექვსი ფინალი მითამაშია და მათგან ხუთი მომიგია, მათ შორის, საბჭოთა კავშირის და ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამიტომ კარგად ვიცი, რა არის ფინალში თამაში და მშვიდი გარემო ძალიან ბევრს რომ ნიშნავს. ამავე დროს, ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრების წევრები ფსიქოლოგიურად არ უნდა გადაიწვან. სხვაგვარად მოგება არ არსებობს“.
გუცაევი იმედოვნებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გავა და ამით ევროპა გაიხსენებს, რომ საქართველოში კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ: „ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ლუის მენოტი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მენოტის სიტყვებია, რომ თბილისის „დინამო“ 1981 წელს ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ძლიერები იყვნენ მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“. საქართველოს ნაკრებმა ევროპას უნდა გაახსენოს, რომ ჩვენ არავისზე ნაკლებ ფეხბურთს არ ვთამაშობდით და რომ ეს ახლაც შეგვიძლია. ახლა საქართველოს ეს წარმატება ძალიან სჭირდება“.