ვლადიმერ გუცაევი და „საფეხბურთო ტაიმაუტი“ 11 სექტემბერს, 14:00 საათზე - თასის მოპოვებით დაიწყო დიდი „დინამოს“ ოქროს ეპოქა #1TVSPORT
ახალი სეზონიდან საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვლადიმერ გუცაევთან ერთად ეთერში ახალ დროს გავა – ხუთშაბათის ნაცვლად, ამიერიდან ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად გადაცემას შაბათობით, 14:00 საათზე დაიწყებს.
„შეიცვალა გადაცემის დრო, საათი და ამიერიდან შაბათს გავალთ ეთერში. მგონია, რომ უფრო საინტერესო იქნება, რომ გულშემატკივარმა საფეხბურთო გადაცემა სწორედ შაბათს ნახოს. ჩვენ მოვამზადებთ საინტერესო გადაცემებს, საინტერესო ფეხბურთელებს და ადამიანებს მოვიწვევთ. ვთქვი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და გულშემატკივრისთვის უფრო მისაღები იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლეგენდარულმა დინამოელმა.
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ პირველი გადაცემა თბილისის „დინამოს“ 1976 წლის 3 სექტემბრის წარმატებას მიეძღვნება, როდესაც გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში საბჭოთა კავშირის თასი პირველად მოიგო.
„ხვალ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, რადგან 45 წელი გავიდა თასის იმ ფინალის შემდეგ. მანამდე „დინამო“ თასის ფინალში 5-ჯერ გავიდა და წარმატებას მხოლოდ მე-6 მცდელობაზე მიაღწია. თან ერევნის „არარატს“ შევხვდით, რომელიც ჩვენთვის პრინციპული მეტოქე და იმ დროს ძალიან საინტერესო და ძლიერი გუნდი იყო“.
ვლადიმერ გუაცევის თქმით, თასის მოპოვებით თბილისის „დინამოსთვის“ მნიშვნელოვანი ეპოქა დაიწყო.
„მიხარია, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა შევძელით და საქართველოს ამხელა სიხარული მოვუტანეთ. ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები 45 წლის წინანდელი წარმატების გმირები იქნებიან. სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა – დათო ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი, ფირუზ კანთელაძე. გავიხსენებთ ფინალს და ჩვენს ემოციებს – ეს მატჩი გარდამტეხი იყო „დინამოსთვის“ და აქედან დაიწყო ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ეპოქა, რომლის გვირგვინიც 13 მაისი იყო. მაშინ „დინამო“ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო“.