ვლადიმერ გუცაევი - ჩივაძემ გაიტანა და ამან გადარჩინა, თორემ გუნდიდან გარიცხავდნენ #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას გადაცემის თანაწამყვანის, ყოფილი თანაგუნდელის, ვლადიმერ გუცაევის თხოვნით გაიხენა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომლის გამოც, შესაძლოა, მისი კარიერა არც შემდგარიყო:
„1973 წელს „დინამოს“ მწვრთნელი ალიოშა კოტრიკაძე იყო, ანდრო ზაზროევი კი – დუბლების მწვრთნელი. ჩვენ ამ დროს ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდით, სადაც ჩვენს მწვრთნელს, ვოვა ელოშვილს ზაზროევმა დაურეკა, „დინამოს“ დუბლები ამხანაგურად უნდა ვათამაშოთ, ორი ნახევარმცველი მაკლია და ვინმე არ გყავსო? მე და თემურ ჩხაიძე გაგვიშვეს. ნახალოვკიდან დავდიოდი „დინამოს“ ვარჯიშების სანახავად და როგორი თავხედი უნდა ვყოფილიყავი, რომ მეფიქრა, ოდესმე ამ გუნდში ვითამაშებდი. თან მაგარ შემადგენლობას შევხდით. თამაშის დროს შევნიშნე, რომ დათო გოგია წინ გამოდიოდა და ეს შევამჩნიე – გიო ქინქლაძემ უელსთან რომ გაიტანა, ისეთი გავუტანე. შემრცხვა და თავი დავხარე, კახი ასათიანმა დამიძახა, ბიჭი ერთი მოდი, უნდა ჩაგვეხუტოო. გამიხარდა, ეს კახიმ რომ მითხრა.
– ალმათის „კაირატთან“ თამაშზე წაგვიყვანეს. ყველაზე პატარები რომ ვიყავით, ძირითადი და დუბლების გუნდების ჩანთები მომცეს. ჩანთა ჩუმად გავხსენი, „დინამოს“ მაისური ჩავიცვი და პირჯვარი გამოვისახე, ღმერთო ეს მაისური არ გამხადო-მეთქი. ოთახიდან გამოვდივარ და სავახშმოდ ჩავდივარ. ამ დროს მოპირდაპირე ოთახიდან ახალგაზრდა გოგონა გამოდის და გამოველაპარაკე. ამ დროს გამოიარა გუნდის უფროსმა, ნესტორ ჩხატარაშვილმა, რომელსაც სახეზე არ ვიცნობ. გაიარ-გამოიარა და ყურადღება არ მიმიქცევია. მან კი ზაზროევს დაუძახა – ეს ჩვენი მოთამაშეაო? მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მეორე დღეს კრება მომიწყვეს ისე, რომ გუნდში არც მითამაშია“, – გაიხსენა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა.
ვლადიმერ გუცაევი, „ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: „აზრი გამოითქვა, ეს როგორ გაბედა და საერთოდ, გუნდიდან უნდა გავაგდოთო“.
ალექსანდრე ჩივაძე: „ამ დროს რეზო ძოძუაშვილი გამოვიდა, ჯერ ამ ბიჭის თამაში არ გვინახავს და ვაცალოთო“.
ვლადიმერ გუცაევი, „ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: „2:0 მოიგეს და ერთი გოლი საშამ გაიტანა, ამან გადაარჩინა, თორემ გუნდიდან აგდებდნენ“.