ვლადიმერ გუცაევი - 13 მაისის წარმატება უნიკალური იმითაა, ევროთასი ლეგიონერის გარეშე მოვიგეთ, ამას დღეს 200-მილიონიანი კლუბებიც ვერ აკეთებენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისის წარმატება გაიხსენეს. გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა 40 წლის წინანდელი ამბები საინტერესოდ გააანალიზა.
„13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება იყო. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სხვა კუთხითაც – მაშინდელ თბილისის „დინამოში“ ერთი ლეგიონერიც არ გვყავდა. ყველა საქართველოში გაზრდილი მოთამაშე იყო. თუმცა გავაკეთეთ ის, რასაც დღეს 200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კლუბებიც ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.
ლეგენდარულმა დინამოელმა გაიხსენა, რომ გუნდი იენის „კარლ ცაისთან“ ფინალში პენალტების სერიისთვისაც ემზადებოდა და დაასახელა მოთამაშეები, რომლებსაც პენალტი უნდა დაერტყათ:
„თამაშამდე ნოდარ ახალკაცი თერთმეტმეტრიანებისთვისაც გვამზადებდა. პენალტების სერიისთვის ხალხიც იყო შერჩეული, ყიფიანი, ჩივაძე, შენგელია, მე…“
1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. ვლადიმერ გუცაევმა დააანონსა, რომ ამ დღეს „საფეხბურთო ტაიმაუტის“ საგანგებო გადაცემა გავა: „ამ გადაცემაში მივიწვევთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც იმ სეზონში „დინამოში“ თამაშობდა“.