„ატლეტიკო პარანაენსეს“ 18 წლის ფორვარდი ვიტორ როკე „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელი ვუნდერკინდის გაფორმების შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა გამოაცხადონ, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
წყაროს ცნობით, ყველა დოკუმენტი ხელმოწერილია, „ატლეტიკო პარანაენსემ“ და „ბარსელონამ“ შეათანხმეს ტრანსფერი. ახლა კლუბები ამოწმებენ კონტრაქტებს. მიმდინარე ხელშეკრულებით, როკე კატალონელებს 2024 წლის იანვარში შეუერთდება.
ვიტორ როკე „ატლეტიკო პარანაენსეში“ „კრუზეიროდან“ 2022 წლის აპრილში გადავიდა – 4.7 მილიონ ევროდ. მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ 35+10 მილიონი ევრო დაუჯდება. „პარანაენსეში“ როკემ 63 მატჩში 19 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.