წინასწარი ინფორმაცია არ დადასტურდა – გიორგი ქვილითაია დღეს, 15 აგვისტოს შვედეთში გაემგზავრა „აპოელთან“ ერთად, რომელიც 17 აგვისტოს კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „იურგორდენს“ დაუპირისპირდება.
„აპოელის“ მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტისმა „იურგორდენთან“ მატჩებისთვის მოთამაშეები დაასახელა და გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, არც „ა“ და არც „ბ“ სიაში გიორგი ქვილითაია არ მოხვდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ტრავმირებული იყო. სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა.
კვიპროსულმა კლუბმა „აპოელის“ სტოკჰოლმში ჩასვლის სურათები გაავრცელა და მოულოდნელად, მოთამაშეთა შორის ქვილითაიაც აღმოჩნდა.
„შესაძლოა, ის „აპოელის“ ევროპულ სიაში არ იყოს, მაგრამ გიორგი ქვილითაია დანარჩენ ერთად შვედეთში მიდის. ქართველი თვითმფრინავში ჯდება და მოხდება თუ არა ცვლილებები ევროპულ სიაში მატჩამდე 24 საათით ადრე და შეძლებს თუ არა ის გუნდს დაეხმაროს, ჯერ უცნობია. გუნდთან ერთადაა ხორვატი ანტონ მაგლიცაც“, – წერს გამოცემა „სპორტ ტაიმი“.
„აპოელი“ „იურგორდენის“ წინააღმდეგ კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ხუთშაბათს, 17 აგვისტოს გამართავს. მწვრთნელის სიაში მხოლოდ მურთაზ დაუშვილია, ხოლო ლაშა დვალი განაცხადში ჯერ ვერ შეიყვანეს.