ვიტალი დარასელიას მემორიალური დაფა გაიხსნა
ვიტალი დარასელიას მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეს ამბავი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დაბადების დღეს მოხდა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის მოღვაწეები დაესწრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ლეგენდების დაფასება და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიცემა აუცილებელია. მათ ლეგენდარული ქართველი ნახევარმცველი და მისი წარმატებები გაიხსენეს.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ -ეს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ერთგვარი დაფასება. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ის ლეგენდარული მოთამაშე ცხოვრობდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ვიტალი დარასელია (უმცროსი): „ამ ლამაზი დღისთვის და მამაჩემის დაფასებისთვის მადლობა ფედერაციას, თბილისის მერიას და ყველას, ვინც ამის ორგანიატორია. მიხარია, რომ საქართველოში ვიტალის სახელი დღესაც ახსოვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იცოდნენ ასეთი ადამიანის არსებობა და მისი საფეხბურთო ცხოვრება მაგალითად გაიხადონ“.