ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ მის ხსოვნას წიგნი მიეძღვნა #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ მის ხსოვნას წიგნი მიეძღვნა #1TVSPORT

მწერალთა კავშირში დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ხსოვნას და გარდაცვალების 40 წლისთავს მიეძღვნა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერა ოჩამჩირის „ამირანში“ დაიწყო, ძირითადი ნაწილი კი თბილისის „დინამოში“ გაატარა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.

თასების მფლობელთა თასის 1981 წლის გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით, დარასელიამ გუნდს გამარჯვება და დღემდე ერთადერთი ევროპული ტიტული მოუტანა.

ლეგენდარული დინამოელი 19 და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი იყო. ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ზუსტად 40 წლის წინ, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

13 რიცხვი დარასელიას ცხოვრებაში უმნიშვნელოცვანეს მოვლენებს უკავშირდებოდა. 13 ნომრით თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 13 ნოემბერს ჰქონდა ქორწილი, 13 მაისს გაიტანა გოლი თასების მფლობელთა თასის ფინალში, მაგრამ 13 დეკემბერს გარდაიცვალა ავტოავარიაში და მის ცხედარს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

„40 წელი გავიდა ვიტალის გარდაცვალებიდან ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს შევიკრიბოთ, რათა გავიხსენოთ საუკუნის გოლის ავტორი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან წიგნის ავტორი დემიკო ლოლაძე.

ნუკრი კაკილაშვილი, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი: „ის დღე საშინლად მახსოვს. ბაკურიანიდან თბილისში ვბრუნდებოდი, ეს უბედურება ავტოინსპექციის პოსტზე მითხრეს და შოკში ჩავარდი. 1978 წელს თბილისის „დინამოში“ რომ ამიყვანეს, ვიტალი უკვე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ახალგაზრდებს განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. 13 მაისის შემდეგ თაობათა ცვლა მიდიოდა და გუნდის ლიდერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ეს საშინელება მოხდა, რაც „დინამოსთვის“ დიდი დანაკლისი აღმოჩნდა“.

მერაბ ჟორდანია, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი: „ქართული ფეხბურთის ისტორიას მხოლოდ რამდენიმე დიდი გვარი ჰყავს. ვიტალი დარასელია კი ერთ-ერთი იმათგანია, რომლის სახელიც მუდამ გვემახსოვრება, სანამ საქართველოში ფეხბურთს თამაშობენ“.