დღეს, 9 იანვარს ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ლეგენდას, ვიტალი დარასელიას 67 წელი შეუსრულდებოდა.
ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 იანვარს ოჩამჩირეში დაიბადა, მაგრამ „ვიკიპედიაში“ მის დაბადების თარიღად 9 ოქტომბერია მითითებული. მიზეზებზე 2018 წლის იანვარში ვიტალი დარასელია-უმცროსმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
„სხვადასხვა ცნობარში და, მათ შორის, ვიკიპედიაში დაბადების თარიღად მითითებულია 1957 წლის 9 ოქტომბერი, მაგრამ მამა რეალურად 1957 წლის 9 იანვარს დაიბადა. დაბადების თარიღი იმიტომ შეიცვალა, რომ უფრო დიდხანს ეთამაშა სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს ყოველთვის იყო ფეხბურთში და არამარტო საბჭოთა კავშირში“, – გულახდილად თქვა ვიტალი დარასელია-უმცროსმა.
ვიტალი დარასელიამ ფეხბურთის თამაში 1967 წელს ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში დაიწყო, საიდანაც 15 წლის ასაკში „ამირანში“ გადაიყვანეს. თბილისის „დინამოში“ 1975 წელს ჩაირიცხა და მალე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კლუბში ჩატარებულ 273 მატჩში 40 გოლის გატანა მოახერხა.
იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), სსრკ-ის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი, ევროპის ჩემპიონი იუნიორებსა (1976) და ახალგაზრდებს შორის (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981), რომლის ფინალშიც „კარლ ცაისს“ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გადამწყვეტი გოლი გაუტანა.
ოთხჯერ დაასახელეს სსრკ-ის ჩემპიონატის 33 საუკეთესო მოთამაშეს შორის. იყო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
1982 წლის 13 დეკემბერს რიკოთის უღელტეხილზე ავტოავარიაში გარდაიცვალა – მისი მანქანა მდინარე ძირულაში გადავარდა. ფეხბურთელს უამრავი ადამიანი ეძებდა, მისი ცხედარი მხოლოდ 13 დღის შემდეგ იპოვეს. ვიტალი დარასელია მშობლიურ ოჩამჩირეშია დაკრძალული.
მის სახელს ატარებს „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია და ოჩამჩირის სტადიონი, ხოლო თბილისური კლუბი ყოველწლიურად მისი სახელობის ტურნირს მართავს. თბილისში, სადაც ვიტალი დარასელია ცხოვრობდა (ანა ანტონოვსკაიას ქუჩა 12), მემორიალური დაფა გაიხსნა.
2018 წლის მაისში ვიტალი დარასელია, გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.