ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი წიტაიშვილმა კრაკოვის „ვისლასთან“ შეთანხმებას მიაღწია – ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა.
„კრაკოვის „ვისლას“ რიგებს 21 წლის გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლონეთის 13-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. საქართველოს ნაკრების წევრს, რომლის ნომინალური პოზიცია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგია, ასევე წარმატებით შეუძლია მოედნის მოპირდაპირე ფლანგზე ითამაშოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გუნდში და გისურვებთ წარმატებებს!“, – წერს „ვისლას“ ოფიციალური გვერდი.
გიორგი წიტაიშვილი თამაშობდა კიევის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. 2017 წელს ფეხბურთელი უკრაინის 16-გზის ჩემპიონის მთავარ გუნდში დააწინაურეს, ხოლო 2019 წლის 25 თებერვალს პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
2021 წლის დასაწყისში წიტაიშვილი იჯარით პოლტავას „ვორსკლაში“ გადავიდა, ექვსი თვის შემდეგ კი ასევე იჯარით – ოდესის „ჩერნომორეცში“. ამ ხნის განმავლობაში 13 თამაშში ერთი გოლი გაიტანა.
პოლონეთის 13-გზის ჩემპიონის ახალი შენაძენი საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის დებიუტი „ჯვაროსნებში“ 2021 წლის 2 სექტემბერს შედგა და უკვე მისი ფორმა 7-ჯერ მოირგო. გარდა ამისა, გიორგი წიტაიშვილს უთამაშია უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში, რომლის 20-წლამდელთა ნაკრებში 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.