ვისაც საქართველოს ნაკრებში ათჯერ უთამაშია - ყოფილი ფეხბურთელებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა კურსი იწყება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი ორგანიზებით, საინტერესო სამწვრთნელო კურსი გაიმართება – ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ უეფა-ს კონვენციის შესაბამისად, ყოფილი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ, უეფა-ს სამწვრთნელო განათლების „ბ“ ლიცენზიის კურსი იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კურსზე რეგისტრაციისას უეფა-ს „ც“ კატეგორიის დიპლომის ფლობა არ მოეთხოვებათ მათ, ვისაც აქვს მინიმუმ 200 თამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ან უეფას სხვა წევრი ასოციაციის რანგით უმაღლეს ლიგაში, ან მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
დარეგისტრირების შემდეგ, კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება სფფ-ის მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებასთან და კანდიდატი სწავლებაზე მხოლოდ ამის შემდგომ დაიშვება.