„ვირტუს ბოლონიამ“ სერჯო სკარიოლო გაათავისუფლა - თორნიკე შენგელიას გუნდი ახალ მწვრთნელს ეძებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ მწვრთნელის გარეშე დარჩა, კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან სერჯო სკარიოლო გაათავისუფლა.
გასულ სეზონში სკარიოლომ კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. 62 წლის იტალიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ მოთამაშეთა სელექციას კლუბი აწარმოებდა და თავად პროცესში ვერ ერეოდა.
სკარიოლოს ამ განცხადებით უკმაყოფილო დარჩა „ვირტუს ბოლონიას“ პრეზიდენტი მასიმო ძანეტი, რომელმაც გადაწყვიტა, მასთან ხელშეკრულება შეეწყვიტა.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება იტალიური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუშაობა ამ საკითხზე უკვე დაწყებულია.
სკარიოლო ასევე მუშაობს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით ესპანელებმა ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი მოიპოვეს (ვერცხლი და ბრინჯაო), ოთხჯერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები (2009, 2011, 2015, 2022), ხოლო 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, სკარიოლოს აქვს ევროთასის, იტალიის ჩემპიონის, ესპანეთის ჩემპიონის (2-ჯერ), ესპანეთის თასის (2-ჯერ), რუსეთის თასის, იტალიის სუპერთასისა (2-ჯერ) და ანდალუზიის თასის (3-ჯერ) ტიტულები.
გასულ წელს სკარიოლოს ხელმძღვანელობით თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში „მილანოსთან“ დამარცხდა.