ვიქტორ მონხილის ინტერვიუ „დიარიო ასთან“ - მამარდაშვილს კურტუას შევადარებ და ვურჩევ, იშრომოს, „ვალენსიაში“ ჩავარდნას არ აპატიებენ #1TVSPORT
ვიქტორ მონხილის ინტერვიუ „დიარიო ასთან“ - მამარდაშვილს კურტუას შევადარებ და ვურჩევ, იშრომოს, „ვალენსიაში“ ჩავარდნას არ აპატიებენ #1TVSPORT

პოპულარულმა გამოცემა „დიარიო ასმა“ ინტერვიუ „დინამო თბილისის“ ყოფილ ესპანელ მცველს, ვიქტორ მონხილს ჩამოართვა – თემა „ვალენსიას“ და ლა ლიგის ახალი სენსაცია, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. თბილისელთა ყოფილი მცველი მას ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუას ადარებს.

მესტალიას“ ახალი სენსაციის უკეთ გასაცნობად, გამოცემა ფეხბურთელის ყოფილ თანაგუნდელს, ვიქტორ მონხილს ესაუბრა – 29 წლის ცენტრალურ მცველს, რომელმაც „ვალიადოლიდიდან“ წასვლის შემდეგ ბევრი გუნდი შეიცვალა, 2019 წელს კი „თბილისის დინამოს“ შეუერთდა. მონხილმა საქართველოში გაიცნო ახალგაზრდა გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ადარებს კურტუას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის ორიენტირი მანუელ ნოიერია. მონხილი, რომელიც ინდოეთში დავიდ ვილას კლუბში თამაშობს, „დარიო ასთან“ ქართველი მეკარის თვისებებს აანალიზებს“, – წერს ესპანური გამოცემა.

– რას გვეტყვით გიორგი მამარდაშვილზე?

– ახალგაზრდა ბიჭია და ნათელი მომავალი აქვს. მას სჭირდებოდა ასეთი შესაძლებლობა – დაეტოვებინა საქართველო და ევროპულ ფეხბურთში გადასულიყო. ჩამოვიდა ესპანეთში, სადაც უფრო გაიზრდება, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყანაში.

– გაგიკვირდა რომ სულ რაღაც ერთ თვეში პრაქტიკულად „ვალენსიას“ პირველი მეკარე გახდა?

– ეს გასაოცარია, რადგან ის არის ისეთ გუნდში, როგორიც დიდებული „ვალენსიაა“, სადაც დაუყოვნებლივ შედეგებს მოითხოვენ. ასევე მიკვირს, რომ ეს არის ის დონე, რომელიც მის კომფორტის ზონას სცილდება და ამის მიუხედავად, კლასს აჩვენებს. მას აქვს ნდობა, თავდაჯერება უჩნდება და სწორედ ეს აიძულებს, კლუბს რაც შეიძლება მალე მოერგოს.

 

– როგორ დაახასიათებდით?

– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი სიმაღლისა (197 სმ), ის ძალიან სწრაფი მეკარეა. მინუსი, რომელსაც მაღალი მეკარეების შემთხვევაში ვხვდებით, არის დაბალი დარტყმები. მაგრამ ის დაბალ ბურთებზეც კარგად რეაგირებს, რადგან მოხერხებული და სწრაფია. ახლა მამარდაშვილი არის მოდური მეკარის პროტოტიპი, ბურთს ფეხით კარგად ფლობს. ვალენსიელი გულშემატკივრების წეზოლას გრძნობს და ეს იოლი არაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ თავს კომფორტულად მალე იგრძნობს და მასზე ზეწოლა აღარ იქნება. გიორგი ცივსისხლიანი მეკარეა და ეს მის სასარგებლოდ იმუშავებს.

– როგორ ფიქრობთ, ესპანეთში ადაპტირება გაუჭირდება?

– არა მგონია. ჩემგან და ჩისკო მუნიოსისგან უკვე იცის, რა არის ესპანური ხასიათი. ადაპტირება ძალიან ადვილი იქნება. ის მორცხვი პატარა ბიჭია, რაც მის მიმართ სიყვარულით განგაწყობთ. გუნდური მოთამაშეა, ყოველთვის გუნდის წარმატებაზე ზრუნავ. 10 ბალით შევაფასებდი, როგორც პიროვნებას და თანაგუნდელს.

– სწრაფად ისწავლის ესპანურს?

– დარწმუნებული ვარ, რადგან ჩისკოსთან ჩემი საუბარი ესმოდა და ესპანურ სიტყვებს იმახსოვრებდა.

– მას რომელ მეკარეს შეადარებდით?

– ის შეიძლება იყოს კურტუას მსგავსი. ის არის ტიპური მაღალი მეკარე, რომელიც ბურთს კარგად აკონტროლებს და რეაქცია გააჩნია. ესმის, რომ დაბალი დარტყმები შეიძლება იყოს მისი სუსტი წერტილი და ამაზე ბევრს შრომობს.

– მას რას ურჩევდით?

– ვიცნობ ქართველებს და ვურჩევდი არ მოდუნდეს და მუშაობა ყოველ შაბათ-კვირას მაქსიმალური ძალისხმევით განაგრძოს. „ვალენსიაში“ რეაგირება მყისიერია და ჩავარდნამ, შეიძლება, დააზარალოს.

– როგორ ფიქრობთ, ქართველი მეკარე ბორდალაშის გუნდის სათამაშო სტილს შეეფერება?

– მე ბორდალაშის ყოფილი გუნდის, „ხეტაფეს“ თამაშებს ვუყურებდი, რადგან იქ მეგობრები მყავს. ვფიქრობ, რომ შეეფერება და ბორდალასი არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რომლითაც მამარდაშვილი სასტარტოს მეკარედ დააყენა.