ვიქტორ მონხილი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გააფორმა. 28 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი დედაქალაქური გუნდის რიგებში 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ვიქტორ მონხილმა გუნდში დაბრუნებაზე ილაპარაკა.
„სახლში დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან „დინამოს“ ოჯახში მოსვლა ძალიან მსურდა. წინა წელი ჩემთვის მშვენიერი იყო. როგორც კი საქართველოში ჩამოსვლის შანსი გამიჩნდა, ყოყმანი არ დამიწყია. სხვა შემოთავაზებები მქონდა. წელიწადნახევარში ორჯერ გაჩემპიონება ადვილი არაა („დინამოს“ შემდეგ ინდოეთშიც ოქროს მედალი მოიპოვა). როგორც კი „დინამომ“ დამიძახა, პასუხი ერთადერთი იყო – of course! ამისთვის „დინამოს“ მადლობა. ფანებს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი – მათ ჩემს დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშეს. შარშან გუნდში რომ მოვედი, მათგან სითბო პირველივე დღეს ვიგრძენი. ახლაც სოციალურ ქსელებში მწერდნენ, რომ სახლში დავბრუნებულიყავი: ძალიან მინდა, რომ „დინამო-არენაზე“ მალე გიხილოთ და გუნდს დაეხმაროთ, რადგან ძალიან გჭირდებითო,“ – ამბობს ვიქტორ მონხილი.
ესპანელმა მცველმა კალკუტას „ატელეტიკში“ გატარებულ პერიოდსა და ინდოეთის ჩემპიონატზეც ილაპარაკა:
„აზიური თამაშები ევროპულისგან სრულაიდ განსხვავდება. ეს ინდოეთში ჩასვლისთანავე შევნიშნე. მეტი კონტრიერიში და ტაქტიკის დეფიციტია, მაგრამ ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს იწვევენ, რომლებიც ინდურ ფეხბურთს აუმჯობესებენ. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე, ბევრად უკეთესი ფეხბურთელი გავხდი და დაბრუნება მსურდა – სახლში დაბრუნება“.
მან პანდემიის პერიოდის სირთულეებზე ილაპარაკა:
„ყველამ ვნახეთ, რომ პანდემიის გამო, ფეხბურთელებს მძიმე დრო დაგვიდგა. მაგრამ რაც უნდა იყოს, პროფესიონალები ვართ და საკუთარი თავისთვის უნდა მოგვევლო და ასეც მოხდა. ფაქტობრივად, ყოველდღე ვვარჯიშობდი, რათა საწვრთნელ პროცესში დაბრუნებისას გართულება არ ყოფილიყო და მაქსიმალური დატვირთვით მემუშავა“.
ვიკტორ მონხილმა კომენტარი ეროვნულ ლიგასა და ევროსარბიელზე „დინამოს“ ამოცანაზეც გააკეთა:
„დარჩენილი ყველა თამაში ფინალივითაა. მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ. მიზანს შარშან მივაღწიეთ და წელსაც შევძლებთ. ლიდერს ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვაჯობეთ. ევროპის ლიგაზეც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ – ამ შეჯიბრებაში ჯგუფურ ეტაპზე გასვლით ახალ ისტორიას დავწერთ“.