ვიოლა ფონ კრამონი - მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში, გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა და პარლამენტი სათანადოდ მუშაობდეს
ვიოლა ფონ კრამონი - მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში, გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა და პარლამენტი სათანადოდ მუშაობდეს

მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში, გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა და პარლამენტი სათანადოდ მუშაობდეს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე.

„ჩვენ გვსურდა, რომ წითელი ხაზები არ ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. თუმცა, რეალური წითელი ხაზებისა და წინაპირობების შესრულება რთულია. მთელი იდეა მდგომარეობს კომპრომისებში. უნდა იყო მოქნილი და დათანხმდე იმას, რასაც შესაძლოა, 100 პროცენტით არ იზიარებდე. ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა, როგორც ვიცი, ბევრი თემა არ იყო იოლი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმება მაინც მოხერხდა. მხარეები იყვნენ მზად კომპრომისისთვის. თუმცა ბოლოს იყო ყველაზე რთული საკითხები და მოკლე დროში ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. მე ამას ჩავარდნას არ დავარქმევდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება პაუზა და იმედია, ვნახავთ პროცესის გაგრძელებას და დიალოგის მეორე ფაზას ძალიან მალე.

მე მესმის, რომ მხარეებს არ სურთ მოლაპარაკებების იმ საკითხების დასახელება, რომელშიც კომპრომისზე იოლად წავლენ. ეს უნდა უნდა იყოს გადამწყვეტი საკითხები, რომელის სანაცვლოდაც რაღაცის მიღება გსურს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიფრთხილე მისაღებია. მისაღებია, ისიც რომ ყველაფერს არ ასაჯაროებენ, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელზეც მზად ხარ, დათმობაზე წახვიდე. მაგრამ საბოლოოდ, მონაწილეებმა უნდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რომ ისინი მუშაობენ და მოლაპარაკებებში ჩართული არიან მათი ამომრჩევლების ინტერესების დაცვით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ბოლოს ვნახეთ, რომ ყველა არ იყო მოწადინებული გამოსავლის და რეალური შედეგის მიღწევით. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ დღეებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბრიუსელიდან საქართველოში მომლაპარაკებელთა ჯგუფში შემავალ ინდივიდუალურ პირებს დაველაპარაკოთ და მეტი გავიგოთ მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ.

ჩემთვის ეს არ იყო საბოლოო ჩავარდნა. ჩემთვის ეს არის დიდი შიდა კრიზისი საქართველოში. შარლ მიშელის ვიზიტი იყო კარგი ნაბიჯის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირის ინტერესებში არის ამ კრიზისის მოგვარება, რომ ევროკავშირს სურს, ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყოს. სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა მან მისი პერსონალური წარმომადგენელი. ბატონმა დანიელსონმა კარგი სამუშაო შეასრულა და ახლა ის უნდა დაბრუნდეს, რათა გავიგოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ „საქართველოს რადიოს“ ეთერში ორშაბათს, 22 მარტს, 14:00 საათზე ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.