„მანჩესტერ სიტის“ კაპიტან ვინსენტ კომპანის საიუბილეო სეზონი აქვს. ის უკვე 10 წელია, რაც ინგლისური გუნდის ღირსებას იცავს. ამის აღსანიშნავად, 2019 წლის აგვისტოში, კლუბი საიუბილეო მატჩის ჩატარებას გეგმავს.
ინგლისში, საფეხბურთო კლუბები ამ ფორმით უხდიან მადლობას იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ემსახურებიან გუნდს და დიდი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში. ასეთ თამაშებზე ტრიბუნები მთლიანად ივსება, ამიტომ ფეხბურთელები მას საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებენ. ბელგიელი მცველიც ამავეს აპირებს. მისი განცხადებით, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ფონდში, რომელიც მანჩესტერში უსახლკაროთა პრობლემებზე მუშაობს.
„მანჩესტერმა ბევრი მომცა. ბოლო 10 წლის მანძილზე ვაკვირდებოდი, როგორ ვითარდებოდა ჩემი გუნდი და მთლიანად ქალაქი. უამრავი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა არის პრობლემებიც. ფონდი, რომელთანაც ვთანამშრომლობ, უსახლკაროებს ეხმარება. მისი მიზანია, 2020 წლისთვის ქალაქში არც ერთი ადამიანი იყოს თავშესაფრის გარეშე. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში და ამ სახით გადავუხადო მადლობა ქალაქს.“ – განაცხადა კომპანიმ.