ვინისიუსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა, ვინისიუსმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფავორიტებზე ილაპარაკა.
„არის რამდენიმე ძალიან კარგი გუნდი. მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი და არგენტინა. ვფიქრობ, მათ საუკეთესო შემადგენლობები ჰყავთ, ერთად დიდი ხანია თამაშობენ და დიდად არ შეცვლილან ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ესპანეთი ყოველთვის ძალიან კარგია, მათ ჰყავთ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მოთამაშეები. მათ მაღალი კლასი აქვთ. ისინი შესანიშნავად გამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ვფიქრობ, ასე იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.
იმედია, წელს ჩვენც შევალთ ფავორიტებს შორის. ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. არავინ სწავლობს, არავინ მუშაობს – ქვეყანა ჩერდება“, – განაცხადა ვინისიუსმა ინტერვიუში.
გარემარბმა ასევე გაამხილა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განწყობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოგებაზე.
„მან შეცვალა გუნდის სახე. უკეთესად თამაში დავიწყეთ, უფრო ბედნიერები ვართ და მშვიდები. ჩემთვის მისი მოსვლა ნაკრებში საუკეთესოა, რაც კი ბოლო დროს მომხდარა. შეიძლებოდა, ის ჩემი ბაბუა ყოფილიყო.
ყოველ ჯერზე, როცა ის მირეკავს, მეუბნება, რომ ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს. ის უკვე ლაპარაკობს პორტუგალიურად, ძალიან სწრაფად სწავლობს ამ ენას“, – თქვა ვინისიუსმა.