უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „დორტმუნდი“ 5:2 დაამარცხა.
შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ვინისიუს ჟუნიორი იყო, რომელმაც გერმანული გუნდის კარში სამი გოლი გაიტანა. ამ ფაქტის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „რეალში“ ძალიან ბედნიერია და სურს, ესპანურ გუნდში სამუდამოდ დარჩეს.
„მადრიდის „რეალი“ ძალიან მიყვარს. მსურს, ამ გუნდში სამუდამოდ ვითამაშო. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, რადგან ეს ჩვენი ტურნირია“, – განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე ავტორიტეტული სპორტული გამოცემის ინფორმაციით, ვინისიუსი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია და ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, 28 ოქტომბერს ოფიციალურად დადასტურდება.