მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ფინალური მატჩის (2:0) ერთ-ერთი გმირი კი ვინისიუს ჟუნიორი გახდა.
„სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა გერმანული გუნდის კარში გოლი შეხვედრის 83-ე წუთზე გაიტანა, რითიც ტურნირის რეკორდი გააუმჯობესა.
ბრაზილიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (23 წლის და 325 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მოახერხა მეტოქის კარის აღება. აქამდე რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა (23 წლის და 338 დღის).
ვინისიუსმა 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა, რომელმაც მადრიდის „რეალს“ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მაშინ მეთოთხმეტედ მოაგებინა.