ერთა ლიგის ნახევარფინალები და ფინალური მატჩების მასპინძელი უკეთესი რეიტინგის მქონე ნაკრები იქნება – ეს უეფას გამოქვეყნებულ დებულებაში წერია.
ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია და ბევრისთვის უცნობია, ერთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში მასპინძელი გუნდი როგორ გამოვლინდება?
ყველა 4 დივიზიონში 4 ჯგუფია, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად კი ყველა დივიზიონში ჯგუფის პირველადგილოსნები იბრძოლებენ. 4 გუნდი ჯერ ნახევარფინალში დაწყვილდება, ერთმატჩიანი რაუნდის გამარჯვებულები კი ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.
მთავარი კითხვაა, სად გაიმართება ფინალი – ნეიტრალურ მოედანზე თუ ნახევარფინალის გამარჯვებული უკეთესი რეიტინგის მქონე გუნდის მოედანზე? უეფას დებულებაში წერია, რომ ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნები ჯგუფში დაგროვილი ქულებითა და შესაბამისი რეიტინგებით დაწყვილდებიან: 1 რეიტინგის მქონე სახლში მე-4 რეიტინგიანს მიიღებს, ხოლო მე-2 რეიტინგიანი – მე-3-ეს.
პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფინალის მასპინძელი კენჭისყრით გაირკვევა და ეს კენჭისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.
მანამდე კი მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ შეხვედრებში საკმარისი ქულები დააგროვოს, რათა ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ითამაშოს.