ვებგვერდმა The analyst-მა სერია A-ს პირველი ორი ტურის შემდეგ დაწვრილებით გაარჩია „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისი მოქმედება უფრო მწვავე და სასარგებლოა, ვიდრე ლორენცო ინსინიესი, რომლის შემცვლელადაც მიიყვანეს ქართველი იტალიურ კლუბში. The analyst-ის სტატიას სრულად გთავაზობთ.
„როგორ უნდა შეცვალოს გუნდმა თავისი ლეგენდა? ყოველთვის არსებობს ცდუნება – დიდი ნაბიჯი გადადგა სატრანსფერო ბაზარზე, გადაიხადო დიდი თანხა და დაანახო ყველას, რომ სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ ასეთი მიდგომა იშვიათად არის კარგი გამოსავალი.
რომც არსებობდეს იდენტური ცვლილების შესაძლებლობა, რა საჭიროა ამის გაკეთება? ეს მხოლოდ გაურთულებს ცხოვრებას ახალ შენაძენს. მას ყოველთვის შეადარებენ მის წინამორბედს და გულშემატკივრებს მისგან იგივე მოლოდინი ექნებათ. თითქოს ფანებს არ აქვთ შეგნებული განზრახვა, რომ დარტყმის ქვეშ დააყენონ ახალბედა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ ქმნის იდეალურ პირობებს ახალი ფეხბურთელის დაწინაურებისთვის.
არ არსებობს გუნდის გარდაქმნის სწორი ან არასწორი ხერხები, რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია გეგმის შესრულებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა აღვფრთოვანდეთ იმით, რაც „ნაპოლიმ“ ამ ზაფხულს გააკეთა, როცა მის წინაშე იდგა ამოცანა – ჩაეტარებინა თავის ისტორიაში ალბათ ყველაზე დატვირთული სატრანსფერო კამპანია.
„ნაპოლიმ“ დაკარგა კაპიტანი და თილისმა ლორენცო ინსინიე, რომელიც უფასოდ წავიდა „ტორონტოში“, ხოლო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დრის მერტენსი „გალათასარაის“ შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. დაცვის ლიდერმა კალიდუ კულიბალიმ კი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაცვალა.
ლუჩანო სპალეტიმ ერთი ხელის მოსმით დაკარგა სამი წამყვანი ფეხბურთელი, რომელთა ანგარიშზე იყო შარშანდელ სეზონში გატანილი გოლების 34 პროცენტი. გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდი შეიძლება ფაბიან რუისმაც დატოვოს.
ამის შემდეგ, „ნაპოლიმ“ გადადგა რამდენიმე სატრანსფერო ნაბიჯი – არა ძვირადღირებული, არამედ ეშმაკური
„ფენერბაჰჩედან“ მინ-ჟაე კიმი შეიძინა კულიბალის შესაცვლელად, ანდრე ზამბო ანგისას იჯარა სრულფასოვანი კონტრაქტით შეცვალა, „ხეტაფედან“ აიყვანა მატიას ოლივერა, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე ნეაპოლურ გუნდში იჯარით გადავიდნენ და ეს დუეტი გაზრდის სპალეტის შესაძლებლობებს შეტევაში, რადგან მათ შარშან სერია A-ში 27 გოლი გაიტანეს. ასევე ტანგი ნდომბელე დაიმატეს „ტოტენჰემიდან“, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი დებიუტანტი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ის ინსინიეს შემცვლელად აიყვანეს
იყო შიში იმის თაობაზე, რომ „ნაპოლის“ გაუჭირდებოდა შარშანდელი მესამე ადგილის შენარჩუნება. იმასაც ლაპარაკობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გარდამავალი სეზონი. მიუხედავად ამისა, ორი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ლიდერობს სერია A-ს მაქსიმალური ქულებით, ამასთან გუნდმა ცხრა გოლი გაიტანა.
რა თქმა უნდა, პირველ ორ ტურში არ ყოფილა რთული დაპირისპირებები, მაგრამ არ შეძლება იმის იგნორირება, თუ რა დაუნდობლად გაუსწორდა „ნაპოლი“ თავის მეტოქეებს და ამაში გადამწყვეტი როლი კვარაცხელიამ შეასრულა.
სწრაფფეხება მფრინავმა ცხრიდან სამი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. „ქართველმა ლიონელ მესიმ“ რუსულ „რუბინთან“ კონტრაქტის შეჩერების შემდეგ ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა ხელშეკრულება. 21 წლის თბილისელმა საქართველოს ჩემპიონატის 11 მატჩში რვა გოლი გაიტანა, რის შემდეგაც „ნაპოლიმ“ თავისი სვლა გააკეთა.
თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო
მაგრამ როგორ შეიძლება კვარაცხელია შევადაროთ ინსინიეს, როცა ისინი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს? ამ ზაფხულს „ნაპოლის“ შემთხვევითობამ მისცა საშუალება კორექტივები შეეტანა საკუთარი სისტემაში და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის შედეგებს.
„ნაპოლის“ 77-ე ნომერი – სპალეტის დინამიური გუნდის ახალი სახეა
მორბენლებითა და ბურთის მტარებლებით დაკომპლექტებულ სერია A-ს ლიდერს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მეტოქე გააოგნოს.
„ნაპოლის“ წინა ვერსიაში ინსინიე გუნდის მფეთქავი გული იყო და სპალეტის უწევდა მის ძლიერ მხარეებზე თამაშის აგება. მან საშუალებს მისცა იტალიელს სიღრმეში ჩამოსულიყო და დრო და დრო პლეიმეიკერად ემოქმედა. 31 წლის ფეხბურთელი ხშირად იღებდა ბურთს და ანელებდა ტემპს. მას უნდოდა ჩართული ყოფილიყო ბურთის ფლობაში და 54 პასი, რომელსაც თავის ბოლო სეზონში საშუალოდ 90 წუთში აკეთებდა, ამის დამადასტურებელია. ეს ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი იყო ლიგის ყველა ფორვარდს შორის.
კვარაცხელია სრულიად საპირისპიროა. მარცხენა გარემარბი საშუალოდ მხოლოდ 33 პასს აკეთებს მატჩში და აქვს დრიბლინგის ორჯერ მეტი მცდელობა, ვიდრე მის წინამორბედს (7.8 ინსინიეს 3.1-ის წინააღმდეგ). მხოლოდ ნემანია რადონიჩს „ტორინოდან“ (9.9) და ჯონათან იკონეს „ფიორენტინადან“ (8.3) ჰქონდათ დრიბლინგის უფრო მეტი მცდელობა პირველ ორ ტურში, ვიდრე „ნაპოლის“ დებიუტანტს.
მისმა მისვლამ შეცვალა „ნაპოლის“ შეტევის დინამიკა. იმის გამო, რომ ბევრი გუნდი უპირატესობას ანიჭებს ბურთის ფლობაში დომინირებას, იშვიათია ისეთი ფეხბურთელების ხილვა, რომლებიც ბურთისგან გარბიან. კვარაცხელია სწორედ ამას აკეთებს და სწორედ ამიტომაც არის ეფექტური.
ზემოთ მოყვანილ ეპიზოდში ინსინიე, დიდი ალბათობით, უკან დაიხევდა მონიშნულ სივრცეში მოსახვედრად, რათა მარტივი გადაცემით უბრალოდ ფეხებში მიეღო ბურთი. ის უნდა შემობრუნებულიყო ბურთიანად და შემდეგ გაეკეთებინა გადაცემა, შესაძლოა, ვიქტორ ოსიმჰენის მისამართით.
მაგრამ კვარაცხელია ყველაფერს პირიქით აკეთებს.
21 წლის ფეხბურთელი შორდება ამ სივრცეს და შედის ცენტრალურ და მარჯვენა მცველს შორის.
იდეალურ სიტუაციაში, პასი უნდა გაკეთებულიყო მცველის ზურგს უკან და არა პირდაპირ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში, კვარაცხელია იზოლირებულია მცველისგან და მას რჩება სივრცე შეტევის განვითარებისთვის.
და ისევ, ქართველი ხედავს, რომ მისმა გუნდმა მოიპოვა ბურთი ფართო ზონაში და იმის ნაცვლად, რომ დაიკავოს პოზიცია ფეხებში უბრალო პასის მისაღებად, ის მაშინვე წინ გაქცევას ცდილობს,
მისი გონივრული მოქმედება ისევ უქმნის პრობლემებს ორ მცველს. მარჯვენა ცენტრალური მცველი გვერდზე გადადის მარჯვენა განაპირა მცველის დასახმარებლად და ეს სივრცეს ქმნის ცენტრალურ მცველებს შორის. ამ სივრცეს ამჩნევს ოსიმჰენი და შედის მასში (ნაჩვენებია ისრით).
გადაცემა არ გათამაშდა, მაგრამ სიტუაცია იქმნება უბურთო გარემარბის აგრესიული მოძრაობის წყალობით.
კვარაცხელიას იგივე ჩანაფიქრი აქვს ბურთის ფლობის დროსაც.
მისი ბურთით მოძრაობის რუქა (მოცემულია ბურთით გარბენები ხუთი ან მეტი მეტრის მანძილზე) ახასიათებს კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს: პირდაპირსა და პროგრესულს.
თუ მას არ შეუძლია ბურთის საჯარიმოში შეტანა, ის ცდილობს გაწელოს მეტოქის დაცვის ხაზი, როცა ღრმად გადადის მარცხენა ფლანგზე. ეს კარგად ჩანს ქვემოთ მისი და ინსინიეს (შარშანდელი სეზონი) ღია თამაშში ბურთზე შეხების ადგილების შედარებისას.
შეიძლება ეს კლიშეა, მაგრამ მცველებს არ უყვართ და არ სურთ ჩათრეულნი იყვნენ მოედნის ამ ზონაში.
ამის წყალობით, „ნაპოლი“ ახერხებს ერთი ერთზე სიტუაციების შექმნას მოედნის ბოლო მესამედში და ბევრი გოლი სწორედ ასეთ მომენტებში გავიდა. ასეთი სიტუაციები არ იქმნება, როცა განაპირა ფორვარდები ბურთისკენ მიდიან და თამაშში სიმჭიდროვე შემოაქვთ.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც უნდა აღინიშნოს არის ის, თუ როგორ იყო ინსინიე დამოკიდებული პენალტებზე და საჯარომოებზე თავის ბოლო სეზონში. მან შარშან 11 გოლი გაიტანა და აქედან ცხრა პენალტით.
2021-22 წლების სეზონში ინსინიემ 81 არასაჯარიმო დარტყმა შეასრულა და ამ მცდელობებმა მხოლოდ ორი გოლი მოიტანა. როგორც დარტყმების რუქაზე ჩანს (ზემოთ), დარტყმის მცდელობების მაღალი პროცენტი განხორციელებულია ნაკლებად ღირებული პოზიციებიდან, და საშუალოდ ღია თამაშში ერთ დარტყმაზე მოდიოდა 0,07xG კოეფიციენტი.
კვარაცხელია მეტოქის კართან გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს.
შეუძლებელია დასკვნების გაკეთება მისი შვიდი დარტყმის მიხედვით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვარაცხელიას რუკა საინტერესოა. მისი ორი გოლი მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიციებიდან გავიდა, ამავდროულად, შორიდან დარტყმები ვერ ხვდება ზედმეტად თავდაჯერებულთა კატეგორიაში.
თუ კვარაცხელია მომავალშიც გააგრძელებს მოსალოდნელი გოლების ამგვარი კოეფიციენტის (0.38xG 90 წუთში) ჩვენებას, ის მოხვდება ბომბარდირთა შორის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დიდი გავლენა ექნება ანგარიშზე ღია თამაშში მოქმედებით და არა პენალტებით, როგორც ეს ინსინიეს შემთხვევაში იყო. პენალტის გამოყენება იოლი არ არის, მაგრამ ღია თამაშში ეფექტური წვლილი გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ოღონდ ამას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ერთი და იგივე მომენტების განმეორებადობა ქმნის სიმყარეს საფეხბურთო მოედანზე. სწორედ ამიტომაც აქვთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს დაუჯერებლად სტაბილური საბაზო ციფრები.
ოსტატობა ასეთი შანსების რეგულარულად მიღებაში მდგომარეობს და კვარაცხელია, როგორც ჩანს, ამ გზას ადგას.
ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ბიჭს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი:
„მასზე ჯერ ისევ არის ძალიან დიდი ზეწოლა. როგორც კი ის განთავისუფლდება ამ წნეხისგან, ის დაანახებს ყველას, როგორი ფეხბურთელია. დღეს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ის აყოვნებდა ბურთს და საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა – ღირდა თუ არა ერთი ერთზე წასვლა“.
მაგრამ ეს მხოლოდ მას არ ეხება. არის მომენტები, როცა ნახევარდაცვა დიდხანს აყოვნებს ბურთს და იგნორირებას უკეთებს კვარაცხელიას, ოსიმჰენისა და ლოსანოს ჩარბენებს. ეს ადაპტაციისა და გუნდის შეთამაშების პრობლემებია. ამას ყველა ხედავს და მიუხედავად ამისა, „ნაპოლი“ იგებს. გუნდი მეორე ადგილზეა სერია A-ში მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებლით, რომელიც 4.5-ს შეადგენს. მასზე წინ მხოლოდ „რომაა“.
გუნდის ლეგენდის შეცვლის საუკეთესო ხერხია – გულშემატკივარს მისცე საშუალება დაიჯეროს ახალი ფეხბურთელის. „ნაპოლიმ“ სწორედ ეს გააკეთა კვარაცსელიასთან მიმართებაში. გუნდს სჯერა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაეხმარება სერია A-ს მოგებაში – პირველად 1989-90 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდის ლიდერი დიეგო მარადონა იყო. ეს საკმარისზე მეტი იქნება იმისთვის, რომ ინსინიეს აჩრდილმა არ დაფაროს 2022-23 წლების სეზონში გამოსვლა“.