ვინ არის რამაზ სვანაძე, რომელიც ესტონეთთან საქართველოს ნაკრებს გაწვრთნის
ვინ არის რამაზ სვანაძე, რომელიც ესტონეთთან საქართველოს ნაკრებს გაწვრთნის

გაირკვა, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევა. მანამდე, ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ესტონეთის ეროვნული ნაკრებთან გაიმართება, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, საქართველოს ნაკრებში დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

 

რამაზ სვანაძე

დაიბადა 1981 წლის 2 მარტს (39 წლის)

საშუალოდ, გუნდში მუშაობის ვადა: 1,72 წელი

სასურველი სათამაშო სქემა – 4-3-3 შეტევა

ფეხბურთელის კარიერა

07/1998 – 12/2000 თსუ

01/2001 – 06/2002 დინამო, თბილისი

07/2002 – 12/2002 სიონი, ბოლნისი

01/2003 – 12/2003 კოლხეთი-1913, ფოთი

01/2004 – 06/2004 ლოკომოტივი, თბილისი

01/2007 – 12/2007 გალივარი, შვედეთი

 

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, ვინ არის ის. არადა, ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია.

რამაზ სვანაძე ცნობილი საფეხბურთო ოჯახიდანაა, 1981 წლის ოქროს თაობის თბილისის „დინამოს“ მცველის, ზაურ სვანაძის ძმისშვილია, მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე გახლდათ.

რამაზ სვანაძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძალიან ნიჭიერი მარჯვენა მცველი და კაპიტანი იყო, რომელსაც კარიერას გაგრძელების საშუალება ტრავმამ არ მისცა.

 

სამწვრთნელო კარიერა

2013-15 თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

2015/17 ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

2019 საქართველო U19 მთავარი მწვრთნელი.

იყო „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი 2013 წლის 12 დეკემბრიდან 2015 წლის 30 ივნისამდე – მალხაზ ჟვანიას და ჩეხი მიხალ ბილეკის სტაფის წევრი.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცად 2019 წლის 1 მარტს დაინიშნა. ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა, მაგრამ კონტრაქტი გაუგრძელეს, რაც ლოგიკური იყო – მისი ხელმძღვანელობით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2019 წლის შემოდგომაზე ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები უნგრეთში ჩაატარა და მშვენიერ შედეგს მიაღწია – მოუგო მასპინძელ უნგრეთს (4:2), ყაზახეთს (3:1), ხორვატიას (2:0) და ელიტრაუნდში ასპროცენტიანი შედეგით გავიდა. თუმცა პანდემიის გამო ელიტრაუნდის გამართვა გუნდმა ვერ მოასწრო, მისი ასაკის მოთამაშეები ისე გაიზარდნენ, რომ მწვრთნელს ახალი შემადგენლობის შერჩევა მოუწევს.