ვილი სანიოლმა მსაჯები გააკრიტიკა - არავინ იცის, გავათანაბრებდით თუ არა ანგარიშს, მაგრამ სამი წუთის დამატება ძალიან ცოტაა #1TVSPORT
ვილი სანიოლმა მსაჯები გააკრიტიკა - არავინ იცის, გავათანაბრებდით თუ არა ანგარიშს, მაგრამ სამი წუთის დამატება ძალიან ცოტაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ „ულევაალზე“ საქართველოს ნაკრებს ნორვეგიაზე მეტი შანსი ჰქონდა და მონტენეგროელი მსაჯი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ძირითად დროს მხოლოდ სამი წუთი დაამატა.

„მას ვუთხარი, რომ მხოლოდ სამი წუთის დამატება უსამართლოა. არავინ იცის, მეტი რომ დაემატებინა გავათანაბრებდით თუ არა ანგარიშს. შესაძლოა, ნორვეგიას მესამე გოლი გაეტანა, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულ პატივისცემას ვიმსახურებთ. არბიტრი ისე მელაპარაკა, თითქოს ფეხბურთის უცოდინარი ვიყავი.

სხვაობა სწორედ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შევამცირეთ – მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ ნორვეგიელების მეკარე ნიულანდმა რთული დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ მსაჯმა თამაში სწრაფად დაასრულა. ნორვეგია ბურთს ჩვენზე მეტად ფლობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საერთო ჯამში, ნორვეგიაზე უკეთესი შანსები შევქმენით, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ.

ესპანეთთან საშინელი მატჩის შემდეგ (1:7), ბევრი რამ გვქონდა გასაუმჯობესებელი. რაც დღეს ვაჩვენეთ, ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით მომავლის კუთხით“, – განაცხადა სანიოლმა.

მისი თქმით, თანამედროვე ფეხბურთში სამი წუთის დამატება მინიმალური დრო იყო და ჩამოთვალა მიზეზები, თუ რატომ უნდა მისცემოდათ ფეხბურთელებს ბევრად მეტი დრო: „მოედანზე შემოვარდნილი გულშემატკივრების გამო, ვიდრე სტადიონის დაცვამ ისინი მოედნიდიან არ გაიყვანა, მატჩი შეჩერდა. ამას გარდა, კიდევ იყო პაუზები, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. არ ვამბობ, რომ რვა ან ათი წუთი უნდა დაემატებინა, მაგრამ სამი ძალიან ცოტა იყო“.

საინტერესოა, რომ ვილი სანიოლის ნორვეგიელების მწვრთნელი სტალე სოლბაკენიც დაეთანხმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მართალი იყო.