ვილი სანიოლმა 2024 წელს საქართველოს ნაკრებიდან წასვლა არ გამორიცხა - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ამ გუნდის ისტორიას გაალამაზებს #1TVSPORT
ვილი სანიოლმა 2024 წელს საქართველოს ნაკრებიდან წასვლა არ გამორიცხა - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ამ გუნდის ისტორიას გაალამაზებს #1TVSPORT

Foot Mercato-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. ამავე დროს, არ დამალა, რომ „ჯვაროსნებში“ მუშაობის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა და ფრანგული კლუბები იწვევენ.

„დღეისათვის საქართველოში კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს ვერ ვხედავ. როცა ის ნაკრებშია, დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მოგების ალბათობა უფრო დიდია. აქ ფეხბურთელები თავიანთი ეროვნული გუნდისთვის ცხოვრობენ. ფართობითა და მოსახლეობის მხრივ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რომელმაც მძიმე პერიოდები გამოიარა და დღეს ამ ქვეყნის მაისურის ტარება ნამდვილად საამაყოა.

ევრო 2024-ზე მოხვედრა ამ გუნდის ისტორიას ნამდვილად გაალამაზებს. იქნება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე თამაში საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობის დასასრული? დიახ, ასე ვფიქრობ. იმისთვის, რომ არც ისე მარტივ პირობებში იმუშაო, როდესაც რესურსის მხრივ შეზღუდული ხარ, ყოველდღიური მოტივაცია გჭირდება. პლეი ოფში მარცხის ან, პირიქით, ისტორიული წარმატების შემთხვევაშიც კი, შეიძლება მუშაობა რთული აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ამას დიდი ენერგია და მოტივაცია სჭირდება – უბრალოდ, რაღაც მომენტში საქმის კეთების განსხვავებულ ხედვასა და იმპულსს უნდა დაუთმო გზა. ეს არის ფეხბურთი.

როდესაც საქმე კარგად მიდის, უამრავ წინადადებას იღებ. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად მეტი შეთავაზება მაქვს, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ იყო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, კლუბში გავაგრძელებ მუშობას თუ რომელიმე სხვა ნაკრებში. რამდენიმე ფრანგული კლუბი რეგულარულად მიკავშირდება, ოღონდ, გარწმუნებთ, მათ შორის პსჟ არ არის. მაგრამ ამ ეტაპზე არანაირ შეთავაზებას არ განვიხილავ, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვა რამეზე ვფიქრობ და ეს არ მინდა.

მთელი ჩემი ენერგია საქართველოში დასახული მიზნების მისაღწევად მჭირდება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, იგივე განმეორდეს სხვა ქვეყანაში და იმავე დონეზე, როგორც საქართველოში, სადაც საშუალოვადიან პერიოდში პერსპექტიული გუნდის მშენებლობა თავიდან მოგვიწევს.

არ მაქვს აკვიატებული, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიმუშაო. მსოფლიოში ბევრი მაღალი დონის მწვრთნელია, საფეხბურთო ბაზარი კი ძალიან კონკურენტუნარიანია. როცა პეპ გვარდიოლა ხარ, შეიძლება გქონდეს მოთხოვნები, მაგრამ როცა სანიოლი ხარ, გაცილებით ნაკლები პრეტენზია გაგაჩნია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.