ვილი სანიოლის სრული ინტერვიუ - საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომაც ჩამოვედი
ვილი სანიოლის სრული ინტერვიუ - საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომაც ჩამოვედი

ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის გვერდს მისცა. ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ საინეტრესო საკითხზე ილაპარაკა.

 

მწვრთნელობა რთულია

„როდესაც სამწვრთნელო კარიერას ირჩევ, იცი, რომ რთულ გზას ადგები. მუდმივად გიწევს მოგზაურობა და საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილზე გადასვლა. თუმცა, სფფ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თვითონაც მოთამაშეები იყვნენ და ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მათ მარტივად ამიხსნეს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. ფეხბურთი მარტივ თამაშად რჩება. იმ გარემომ, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დროს შეიქმნა, ამ ნაბიჯის გადადგმაში დამარწმუნა. მე ვიცი, რომ აქ საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო.“

 

სამწვრთნელო პაუზაზე

„ბაიერნთან“ მუშაობის შემდეგ ორწლიანი პაუზა ავიღე. მიზეზებს ახლა ვერ გავაჟღერებ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზების გამო მივიღე, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება. მამისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი შვილების ჯანმრთელობაა. მეც ასე მოვიქეცი და ეს ორი წელი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვითარება გამოსწორდა და სრულად შემიძლია, ყურადღება ახალ პროექტებს დავუთმო.

შეუძლებელია, მთავარი მწვრთნელის როლში საკუთარ საქმეს ყურადღების 70 ან 80 პროცენტი მიაქციო. აუცილებელია, რომ ყურადღება და ენერგია სრულად შენს გუნდს დაუთმო. ახლა საქართველოში ჩემს მისიაზე სრულად ფოკუსირებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად წარმატებას მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წარმატებისთვის ბევრს ვიშრომებთ, ეს ჩემთვის საინტერესო იქნება.“

 

იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც საამაყო შედეგი მექნება

„მე ქვეყნის ფედერაციასთან საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებში მუშაობის დროს მითანამშრომლია. თავს კომფორტულად ვგრძნობ ისეთ გარემოში, სადაც საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვმუშაობ. ჩვენ შენების პროცესი უნდა დავიწყოთ და ეს გამართულად განვახორციელოთ. მე ეს უკვე მაქვს გაკეთებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის როლში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. მე ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით და მიმაჩნია, რომ მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთეთ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს, კარგ კლუბებში მოხვდნენ, ბოლოს კი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

საქართველოში განსხვავებული ვითარებაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქაც საამაყო შედეგი მექნება და ფეხბურთელებთან და ფედერაციასთან ერთან წარმატებებს მივაღწევ. ახლა ესაა ჩემი მიზანი.“

 

ლევან კობიაშვილზე

„ლევან კობიაშვილი კარგად მახსოვს. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე კი – მარჯვენაზე და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. როგორც მოთამაშე, ის ერთდროულად ხისტიც იყო და სამართლიანიც. იგივე შემიძლია ვთქვა ალექსანდრე იაშვილზეც. კარგია, როდესაც 10, 12 ან 15 წლის შემდეგ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს, ახლა უკვე თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთ სამყაროს მივეკუთვნებით და ერთ ენაზე ვსაუბრობთ – ეს არის ფეხბურთის ენა.“

 

მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა

„დიახ, თქვენ გყავთ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე. სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მოგზაურობა, ვარჯიში და თამაში გართულდა. ბოლო ერთი წელი, რთული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როდესაც 17 ან 18 წლის ხარ და პროფესიულ კარიერას იწყებ, შენ ოცნებობ სავსე სტადიონზე, ამჟამად კი ყველაფერი სხვანაირადაა. თუმცა, ეს გამოცდილება ახალგაზრდებს გააძლიერებს. მე ყოველთვის მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ, როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. მე მათთან მუშაობას ველი.“

 

დისციპლინა და 100-პროცენტიანი დახარჯვა მნიშვნელოვანია

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ, ნაკრებში რომ თამაშობენ და ეროვნული გუნდის ფორმას პატივი უნდა სცენ. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ.

დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. გუნდს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, ეს სწორედ ის მიზეზია, რატომაც მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მონდომებაზე – თუკი 99 პროცენტით დაიხარჯები, ეს არ არის საკმარისი. 100 პროცენტს კი, როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს.“

 

მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე

„თანამედროვე ფეხბურთში რიტმი მნიშვნელოვანია. თუმცა, პირველ თამაშამდე ჯერ კიდევ არის დრო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ შევხვდე ხალხს და ჩვენი 10-დღიანი შეკრებები დავგეგმო. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევიგრძნო აქაური გარემო და კულტურა, გავიცნო ჩემი პერსონალი. ნაკრებში ჩვენ მთელი წლის განმავლობაში არ გვიწევს ერთად მუშაობა და ეს 10-დღიანი პერიოდები ინტენსიურად ჩაივლის. მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ.

6 დღეში 3 თამაშის ჩატარება ყველა გუნდს მოუწევს. ეს არ იქნება გამართლება. ვფიქრობ, როდესაც ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაშობ, უფრო გაფართოებული შემადგენლობა უნდა გვყავდეს. ამ ყველაფერს ემატება პანდემია და მასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ფეხბურთელები, რომლებიც სრულად იქნებიან ჩართული ამ საქმეში.“

 

მეტოქეებზე

„რასაკვირველია, ესპანეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შვედეთი დიდ ტურნირებში ყოველთვის მონაწილეობს, მათ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. საბერძნეთი ევროპის ყოფილი ჩემპიონია, თუმცა ეს დიდი ხნის წინ მოხდა. კოსოვოს კი ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს.

ეს რთული ჯგუფია, თუმცა, ეს 6-დღიანი სანაკრებო პერიოდი გარკვეულ ბალანსს შემოიტანს. ასეთ პირობებში, შედარებით პატარა გუნდების წინააღმდეგ პრობლემები დიდ გუნდებსაც შეექმნებათ. 15-20 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი, როგორც წესი, თამაშს იგებდა. არსებულ პირობებში კი ყველაფერი სხვანაირადაა. მთავარი მოლოდინი ის უნდა იყოს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატოს, რაც ჩვენ სწორ მიმართულებას დაგვისახავს. თუმცა, ჩვენ უნდა ვითამაშოთ წნეხის გარეშე, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და რისკზეც წავიდეთ. რადგან თანამედროვე ფეხბურთში რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომაა მნიშვნელოვანი რისკი და მისი სწორი შეფასება.

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს. მირჩევნია მოედანზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოხარული ვარ და მეამაყება აქ ყოფნა. მადლობას ვუხდი ფედერაციის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ მათ ნდობას გავამართლებ.“