ვილი სანიოლის პრესკონფერენცია - ტაილანდთან მატჩში შანსს ბევრ მოთამაშეს მივცემთ #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და 12 ოქტომბერს ტაილანდთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„სანდრო კალანდაძის დებიუტი და ნაკრებში ინტეგრაცია ადვილად მოხერხდა. ნორვეგიასთან მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, რადგან დისციპლინა და საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო სამ წელიწადში ნაკრების კარი ბევრ ახალ მოთამაშეს გავუღე. მომავალშიც ასე იქნება, თუ ვინმე თავს გამოიჩენს.
ახლა ტაილანდზე მსურს ვისაუბრო – ამ მატჩში ბევრ მოთამაშეს მივცემ შანსს, მაგალითად, შენგელიას, სიგუას და კიდევ სხვებს, ვისაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ. გეთანხმებით, რომ ბოლო დროს „ბაზელში“ სიგუა ფიზიკურად განვითარდა. კითხვა მაქვს, რატომ არ ხერხდება ეს საქართველოში? გაბრიელი მცირე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. ტაილანდთან ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მის მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ეს ეხება არა მხოლოდ სიგუას, არამედ სხვებსაც, ვინც უფრო ძლიერ ევროპულ კლუბში გადავიდა – მაგალითად, ალთუნაშვილს და ჩაკვეტაძესაც, რომლებიც უკეთეს ლიგაში ფიზიკურად აშკარად განვითარდნენ.
ვინ იქნება კარში? გუნდში კარგად ჩამოყალიბებული იერარქია გვაქვს, პირველი მეკარე მამარდაშვილია, მეორე – ლორია, მესამე კი – გუგეშაშვილი. ტაილანდთან თამაშს პირველი წუთებიდან ლორია დაიწყებს, ის დიდი ხანი იყო ნაკრების პირველი მეკარე და მესმის, რომ მისთვის რთულია, მაგრამ გუნდთან კარგად მუშაობს.
ტაილანდთან მატჩს კვიპროსთან მომზადების ნაწილად განვიხილავთ. მეტოქე ტექნიკურად ჩვენზე ნაკლები გუნდი არ არის, მათ მაღალი პრესინგით უნდა ვეთამაშოთ, რომ თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინონ“, – განაცხდა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაილანდს 12 ოქტომბერს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.