ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ - მთავარი დისციპლინა და 100 პროცენტით დახარჯვაა
ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ინტერვიუ მისცა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვხვდებით. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის დიდ ყურადღებას დისციპლინას მიაქცევს.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამის გარეშე, ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ, ნაკრებში რომ თამაშობენ და ეროვნული გუნდის ფორმას პატივი უნდა სცენ“, – ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყურადღებას მოთამაშეთა მონდომებაზე აკეთებს.
„თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მაშინ ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ 99 პროცენტით დაიხარჯები, ეს საკმარისი არაა. 100 პროცენტით დახარჯვას კი, როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს“, – აცხადებს სანიოლი.