ვილი სანიოლი - ვნახავთ, შევძლებთ თუ არა უკრაინასთან ნავსის გატეხვას და სასურველი შედეგის მიღწევას #1TVSPORT
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა, რომელსაც ეროვნული გუნდი უკრაინასთან და ალბანეთთან ჩაატარებს.
„ზაფხულის შემდეგ მეც მაინტერესებდა, ჩვენი ფეხბურთელები ახალ ციკლს როგორ დაიწყებდნენ და მათ მოლოდინს გადააჭარბეს. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ სექტემბერში მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ იყო. წინ რთული თამაშები გვაქვს, 23 მოთამაშე გამოვიძახეთ და მათგან მაქსიმუმს ველოდებით.
რაც შეეხება კლუბში მიქაუტაძის უთამაშებლობას, მართლაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოასწორებს მდგომარეობას. ვერ დავივიწყებთ, რაც მან ბოლო სამ წელში ნაკრებისთვის გააკეთა. მაგრამ ეს ფეხბურთია და მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.
გიორგი გულიაშვილი საინტერესო მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად მიმაჩნდა მისი მიწვევა. მან ბოსნიის ჩემპიონატში თამაში კარგად დაიწყო, ისევე როგორც ნონიკაშვილმა – უკრაინაში. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ყოველთვის მივცემთ.
ყველა თამაში ერთმანეთს არ ჰგავს, მთავარია, თითოეულმა ფეხბურთელმა შეცდომების რაოდენობა შეამციროს. სექტემბრის მატჩები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ვგრძნობ, რომ ბიჭები მზად არიან წინსვლისთვის.
კონკურენცია ყოველთვის კარგია. ნახევარდაცვის რგოლი დავაბალანსეთ, მოთამაშეები სწორად შევარჩიეთ. კარი ღიაა და შანსი ყველას მიეცემა. ალთუნაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ვაფასებ. ნონიკაშვილი ნიჭიერი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს, იგივეს ვიტყვი გოგლიჩიძეზე. ვათამაშებ თუ არა მას ძირითად შემადგენლობაში? იტალიაში დებიუტანტია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, დიდი ხანია თამაშობს. მას შანსი ექნება.
კვარაცხელიას მომავალს რაც შეეხება, ვფიქრობ, კონტესთან თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა. ახლა უკეთ თამაშობს, ვიდრე წინა სეზონში. ასეთი დონის მოთამაშეები ფორმაში ადრე თუ გვიან შედიან. უბრალოდ, მე კითხვები მის ფიზიკურ მომზადებაზე მქონდა, მაგრამ ახლა კარგად გამოიყურება.
უკრაინის ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა ჩეხებიც და უკრაინელებიც უკვე ხვდებიან, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ნავსის გატეხვას და სასურველი შედეგის მიღწევას“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. გუნდი მატჩებისთვის მომზადებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს. ერთა ლიგის ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.