ვილი სანიოლი - ვამაყობთ იმით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ, ტურნირი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა #1TVSPORT
ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებთან მერვედფინალური შეხვედრა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.
„ვამაყობთ იმით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ. ესპანელების პირველი გოლის დროს ცხადად თამაშგარე იყო. თუ საფრანგეთის ნაკრებთან ნიდერლანდების გოლი გაუქმდა, დღეს ათჯერ უფრო ცხადი სიტუაცია იყო. ვიდეორეფერი შესანიშნავი გამოგონებაა, მაგრამ მისი სწორად გამოყენება ბოლომდე არ ვიცით. ადამიანები ერთსა და იმავე ეპიზოდებზე სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც ფეხბურთელები ვერ იგებენ.
ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ახლა მშვიდად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავაკეთეთ და რა გზა გავიარეთ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ნაკრებმა გასაოცარი ევოლუცია განიცადა. ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გზა იქნება.
ევრო 2024-ზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წაგებით მაინც დამწუხრებულები გახლავართ. თუმცა, ასეთია ფეხბურთი. უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც“, – განაცხადა სანიოლმა.