ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მუშაობასა და 26-ე მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული შესარჩევი ციკლის შესახებ ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
„2024 წლის 26 მარტი მნიშვნელოვანი დღე იყო ქართული ფეხბურთისთვის. აღმოსავლეთ ევროპელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ევრო 2024-ზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე პირველად მოხვდა და შესაძლოა, სამუდამოდ შეიცვალოს ქართული ფეხბურთის ბედი.
საქართველოს ამჟამინდელი „ოქროს თაობა“, „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, ამას იმსახურებდა. თუმცა, წარმატებაში დიდია ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დამსახურება, რომელიც მოულოდნელად ოცნებების ქვეყანაში აღმოჩნდა: „პირველი ორი-სამი კვირის შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ყველა საკუთარ თავს ვეკითხებოდით: „ეს მართლა მოხდა? მართლა მივაღწიეთ დიდ ტურნირს?“
სანიოლმა ბევრი ექსპერტი გააკვირვა, როცა 2021 წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა. მანამდე ხუთი წლით ადრე ის „ბორდოს“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა: „მაშინ შესვენება ავიღე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ იყო. არის დრო, როცა ოჯახი პირველ ადგილზე უნდა იყოს და შენი პრიორიტეტები სხვაგანაა, ფეხბურთისგან შორს. 2020 წელს, პანდემიის დროს, მივხვდი, რომ მწვრთნელობაში დაბრუნება მსურდა. შემოვიდა შემოთავაზებები და საქართველოს მწვრთნელობის პერსპექტივა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ მწვრთნელობა მინდა და მინდა, ვიყო ბედნიერი“.
სანიოლს არ ჰქონდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, სადაც მხოლოდ 2006 წელს იმყოფებოდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, როდესაც 3:0 მოიგეს: „საქართველოსთან საერთო არაფერი მაქვს, ამიტომ, როცა გავიგე, რომ ჩემი დაქირავება სურდათ, ვფიქრობდი, რატომ საქართველო? წარმოდგენა არ მქონდა“.
ქართველი ლეგენდა ლევან კობიაშვილი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, სანიოლთან „შალკეში“ თამაშისას გადაიკვეთა. ეს საკმარისი იყო მისთვის „ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელის ასარჩევად, განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ამავე პერიოდში „ფრაიბურგში“ გამოსვლისას სანიოლსაც შეხვდა. ამ გადაწყვეტილებიდან სამი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ორ ყოფილი ფეხბურთელი სანიოლის საქმიანობის შედეგებით კმაყოფილია: „დასაწყისში გუნდს ახალგაზრდული შემართების ინექცია სჭირდებოდა. გვქონდა აღმავლობა და ვარდნა, მაგრამ ფედერაცია ყოველთვის მხარს მიჭერდა ამ ასპექტში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
ეს რთული დასაწყისი იყო სანიოლისთვის – 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი. გუნდმა პირველ ცხრა მატჩში შვიდჯერ წააგო, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ძლიერი საფუძველი სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა. მომდევნო 24 მატჩში საქართველო მხოლოდ ხუთ მატჩში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა:
„მას შემდეგ, რაც მე და ჩემი სტაფი აქ ვართ, საქართველოს ნაკრებს თავის ისტორიაში გამარჯვებების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია. ფედერაციამ რამდენიმე წლის წინ განახორციელა არაერთი კარგი იდეა ინფრასტრუქტურისა და აკადემიების კუთხით. მანამდე კი იყო დრო, როცა ბავშვებისთვის სტადიონებიც კი არ იყო დარჩენილი.
ჩემს მოთამაშეებს უყვართ ჩემი კარიერიდან მხიარული პატარა ამბების მოსმენა. თუმცა, თუ რაღაცების ასახსნელად მხოლოდ წარსულზე ისაუბრებთ, მაშინაც კი, თუ მოთამაშეები პატივს გცემენ, ეს არ დააინტერესებთ და იფიქრებენ: „შენ გაიმარჯვე და ეს შენთვის კარგია, მაგრამ ეს პრობლემების მოგვარებაში არ დაგვეხმარება“.
სანიოლის საქართველოსგან ბევრად მეტის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. ფრანგმა თქვა, რომ ბედნიერია გუნდში დარჩენით და მოუთმენლად ელის ევრო 2024-ზე თამაშს, სადაც საქართველო ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს დაუპირისპირდება.
ევროს მოჰყვება უეფა-ს ერთა ლიგა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 2025 წლის მარტში დაიწყება. მთელი ქვეყანა გუნდზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ სანიოლი ზედმეტი ამბიციების გამოვლენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება: „საქართველოს აქამდე არასდროს უთამაშია დიდ ტურნირზე, მაგრამ საბერძნეთის დამარცხების მეორე დღეს უკვე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლაზე საუბრობდნენ. მათ ასეთი პოლუსური აზროვნება აქვთ – ყველაფერი ან არაფერი.
ვფიქრობ, სისულელე იქნებოდა ჩემგან იმის თქმა, რომ ესა თუ ის შეხვედრა უნდა მოვიგოთ. მთავარი იდეაა, რომ ქართულ ფეხბურთზე კარგი შთაბეჭდილება შევქმნათ და ცოტა მეტი თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ. და თუ გამოცდილებას შევიძენთ, შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უფრო წარმატებულად ვითამაშოთ“.
უდავოა, რომ სანიოლმა ქართველ ხალხთან ნამდვილი და ხანგრძლივი კავშირი დაამყარა, რადგან იქ წელიწადში შვიდ თვეს ატარებდა, ადგილობრივი კულტურა უკეთესად რომ შეესწავლა: „ყველა, ვინც ჩემამდე მუშაობდა, ყველა შეხვედრის შემდეგ მეორე დღესვე შინ ბრუნდებოდა. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ დიდი დროის გატარება. ადგილობრივ კულტურას რეალური გავლენა აქვს ქვეყნის ცხოვრებასა და თამაშზე, ჩემთვის ამის გაგება მნიშვნელოვანი იყო“.
ფრანგი სპეციალისტი კარიერის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ადამიანი, რომელმაც Covid-19-ის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბედნიერება მისი მთავარი მიზანია, როგორც ჩანს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მწვრთნელია“.