ვილი სანიოლი - შვედეთთან გუნდმა დისციპლინა გამოავლინა და ესპანეთთანაც იგივეს ველოდები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი: კვარაცხელიამ შვედებთან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ თავი ატკივდა და მისი თხოვნით გადაწყდა, რომ მეორე ნახევარი არ ეთამაშა. ახლა ის მზადაა და თამაშისთვის ემზადება. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას სამწუხაროდ, კუნთის ტრავმა აქვს და ვერ დაგვეხმარება.
კანკავას შეცვლა თამაშიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იყო, ბურთის მეტი კონტროლი გვჭირდებოდა. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ახლაწვეულებმა, ჩაბრაძემ და გიორბელიძემ შვედეთთან შეხვედრა კარგად ჩაატარეს, დავალებას თავი წარმატებით გაართვეს და ეროვნულ ნაკრებში მათი დებიუტით კმაყოფილი ვარ.
შვედეთის შემდეგ განვაცხადე, რომ გუნდით ამაყი ვიყავი და დღესაც იგივეს გავიმეორებ. ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ეს მათთან მუშაობას მიადვილებს. შვედეთთან გუნდმა კარგი დისციპლინა აჩვენა და მომდევნო შეხვედრაში ესპანეთთანაც იგივეს ველოდები.
ესპანეთთან საბერძნეთი თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ, ეს შედეგშიც აისახა. თუმცა, ბურთის ფლობა 80/20-ზე იყო და ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. ხვალ მათთან ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.