ვილი სანიოლი - „სენტ-ეტიენში“ დავითაშვილის ტრანსფერი გამიხარდა, მისი ხასიათი გულშემატკივრებსაც მოეწონებათ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ – ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა გამოცემა Poteaux-carres-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„სენტ ეტიენში დავიბადე და 20 წლამდე ამ ქალაქის გუნდში ვთამაშობდი. ცხადია, ეს ჩემი სახლია და „მწვანეების“ ლიგა 1-ში დაბრუნება ძალიან მახარებს. გამიხარდა დავითაშვილის ტრანსფერიც და მჯერა, რომ მისი პოტენციალი და პიროვნება ძალიან კარგად შეესაბამება „სენტ ეტიენის“ ღირებულებებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ყველა მატჩი საუკეთესოდ შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ, ინტენსივობისა და თავგანწირვის თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ „სენტ ეტიენის“ მაყურებელს დავითაშვილი ნამდვილად მოეწონება.
ის მოედანზე დაუღალავად მოძრაობს, როდესაც ბურთი აქვს, ყოველთვის ცდილობს, სწრაფად შეუტიოს და მეტოქეს ხიფათი შეუქმნას. საქართველოს ნაკრებში ორი სხვადასხვა სათამაშო სისტემა გამოვიყენე, სადაც ზურიკო მეორე თავდამსხმელად და ცენტრალურ ნახევარმცველად ვათამაშე. მაინც მგონია, რომ უფრო კომფორტულად თავს შეტევაში გრძნობს. ვფიქრობ, მისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ფლანგიდან შეტევაა.
ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ძალიან კარგი დარტყმა აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ „სენტ ეტიენში“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთმაშე იქნება.
რა კუთხით უნდა განვითარდეს? უნდა იცოდეს, როდის შეუტიოს სწრაფად და მცველს როდის მოერიდოს. ზურიკო ყოველთვის ცდილობს, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს და ხარვეზებიც ამ დროს აქვს.
ვფიქრობ, „სენტ ეტიენის“ მწვრთნელი მის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, კარგ გუნდში მოხვდა და წინსვლას განაგრძობს. გარდა ამისა, „სენტ ეტიენი“ მეგობრული და ერთ ოჯახად შეკრული გუნდია, ქართველები კი ძალიან არიან მიჯაჭვული ოჯახსა და შინაურ გარემოს.
ენობრივი ბარიერი, შესაძლოა, ცოტა შემაფერხებელი ფაქტორი იყოს, რადგან ფრანგული ენა ჯერ კარგად არ იცის, მაგრამ ნაკრებში მაინც ვახერხებთ კომუნიკაციას და ერთმანეთის გაგებას“, – ამბობს ვილი სანიოლი.