ვილი სანიოლი - საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებულ მენტალიტეტს ველოდები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სინიოლმა ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრამდე „ნუევო ვივერო დე ბადახოსზე“ პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
ფრანგი მწვრთნელმა საკუთარი მოლოდინები ახსენა და განაცხადა, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გუნდმა ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც 2 სექტემბერს კოსოვოსთან შინ წაგებულ შეხვედრაში.
„ნებისმიერი ფეხბურთელი ყოველთვის მზადაა ისეთ ძლიერ გუნდთან თამაშისთვის, როგორიც ესპანეთია. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, მაგრამ პირველი თამაში თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით“, – განაცხადა სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ შევეცდებით თავდაჯერებულად ვიბრძოლოთ და ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩისგან განსხვავებული თამაში ასევე საკმაოდ შეცვლილი ესპანეთის წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე გავლენ, ყველაფერს შეეცდებიან, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – დასძინა მან.
სანიოლმა არ დამალა, რომ კოსოვოსთან დამარცხებამ ძალიან ცუდი განცდები დაგვიტოვა და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდისგან რადიკალურ გარდაქმნასა და განსხვავებულ მენტალიტეტს ელოდება.
„კოსოვოს ნაკრებთან ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და არა მხოლოდ დაცვაში. თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად გვჭირდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველა რგოლს შეეხება, მაგრამ ჩვენ ბევრ ისეთ დადებით თვისებებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც გაგვაჩნია. პირველი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, ვიდრე 2 სექტემბერს აჩვენეს“, – ამბობს სანიოლი.
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.