ვილი სანიოლი - ნორვეგიას ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ შინ ვთამაშობთ და გვსურს, გავიმარჯვოთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მარტის მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. მაგრამ სამწუხაროა, რომ ნაკრების ზოგიერთ წევრს დიდი ხანია არ უთამაშია. ნორვეგიასთან პრინციპული მატჩია და, იდეალურ შემთხვევაში, ყველა პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა მყოლოდა, რომელსაც კლუბში პრაქტიკა ექნებოდა. ლოჩოშვილმა საკმაოდ დიდი ხანია გამოტოვა და მისი არგმოძახება აქედან გამომდინარეობდა. მარცხენა ფლანგზე აზაროვსა და გიორბელიძეს კლუბებში თამაში ხშირად არ უწევთ.
საზონოვს რაც შეეხება, მას არაერთხელ ვესაუბრეთ და გამოხატა სურვილი, ეთამაშა საქართველოს ნაკრებში. ჯერ ჩვენს ნაკრებში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ მზადაა, ნორვეგიასთან ითამაშებს. როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს და მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა.
ლუკა გაგნიძეც ნიჭიერი ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ნაკრებში საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ. ამ შემთხვევაში მე სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნო. ადრე არ გამოვიძახე, მაგრამ ბოლოს დავაკვირდი და მომეწონა.
ყაზაიშვილისთვის დაიხურა თუ არა ნაკრების კარი? ყველა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ანგარიში უნდა გაუწიოს. გუნდში პოზიტიური გარემო უნდა იყოს, ამ მიზნის მისაღწევად ყველამ ერთნაირად უნდა ვიმუშავოთ. ამ ეტაპზე კი ვაკოს გამოძახებაზე თავი შევიკავე, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.
რაც შეეხება ჩვენს შანსებს ამ შესარჩევ ეტაპზე, ნორვეგიას ძლიერი გუნდი და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ შინ ვთამაშობთ, ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და გვსურს, გავიმარჯვოთ“, – აცხადებს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.