ვილი სანიოლი - მთავარია, კოსოვოსთან ნაჩვენები სულისკვეთება იყოს მომავალშიც #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მთავარია, კოსოვოსთან ნაჩვენები სულისკვეთება იყოს მომავალშიც #1TVSPORT

სასტუმრო შერატონში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ნოემბრის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან თავდაპირველად ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რის გამოც არ მოხვდა მის სიაში გიორგი ქვილითაია და მოხვდა ნიკა კაჭარავა.

– ჩემს შემადგენლობაში ესა თუ ის მოთამაშე ბევრი საკითხის გათვალისწინებით ხვდება. ვცდილობ გარკვეული წესები და სამართლიანობა დავიცვა. ფეხბურთი კონკურენციაა და მინდა, ქვილითაია უფრო თავდაჯერებული იყოს და მეტი გაიტანოს. შემადგენლობა მის ორ გოლამდე დავასახელე. კაჭარავა ასევე იმსახურებს, რომ შანსი ჰქონდეს. საერთოდ, შანსს ბევრი იმსახურებს. მაგრამ 10 და 20 თავდამსხმელს ვერ გამოვიძახებ. ამდენი გუნდში არ მეყოლება. მე რომ ქვილითაია გამომეძახა, შეიძლება ეთქვათ, რატომ არ გამოიძახე სხვა თავდამსხმელიო. მაგრამ შესაძლებლობას ყველა მიიღებს, ვინც ამას იმსახურებს.

– იმედია, მომავალში ტოპ-კლუბებში ბევრი მოთამაშე იქნება. რაც შეეხება წინა მატჩებს, მთავარია კოსოვოსთან რა სულისკვეთებაც იყო, ასეთი შემართება და მონდომება იყოს მომავალშიც.

– მიმაჩნია, რომ იყო შესაძლებლობა, კოსოვოსთან ცოტა სხვაგვარად მოვმზადებულიყავით, ეს უფრო განწყობას შეეხება და ამ ნაკრებთან ჩვენს მოლოდინებს უკავშირდებოდა. მათ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც სხვანაირად დავხვდით, ვიდრე საჭირო იყო. შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც არის, რომ გუნდს ვერ ვუთხარი, რა გუნდთან გვქონდა საქმე. კარგად ვერ ვითამაშეთ საბერძნეთთანაც, მაგრამ კოსოვოსთან გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ბოლომდე დავიხარჯოთ, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინოთ და შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენ არ გვყავს მესი და ნეიმარი, მაგრამ გვაქვს გული და მონდომება, რომლითაც შეგვიძლია მეტოქეებს დავუპირისპირდეთ.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 8 ნოემბრიდან დაიწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.