ვილი სანიოლი - მხოლოდ მცველების გამო არ ვაგებთ, შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მხოლოდ მცველების გამო არ ვაგებთ, შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის მოახლოებულ თამაშებამდე პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

„ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ მარცხებზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.

გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ბოლო მატჩებში კარგად არ გამოიყურებოდნენ. ბევრი უნდა გააკეთონ თამაშის გასაუმჯობესებლად. იგივე მოხდა კვეკვესკირის შემთხვევაშიც. ჩვენ ფეხბურთელთა შერჩევისას ვითვალისწინებთ მათ ფიზიკურ მდგომარეობას, მენტალიტეტს და ბევრ სხვა ფაქტორს.

ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რატომ მოვიწვიე უთამაშებელი გელაშვილი? ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ.

ვერ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება“, – ამბობს ვილი სანიოლი.