ვილი სანიოლი - მიქაუტაძეს ექნება შანსი, ნაკრებში კვარაცხელია ერთადერთი არაა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.
,,ბათუმი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძესა და მის თამაშზე გარკვეული კომენტარი გავაკეთე. ვფიქრობ, მან სწორად გაიგო ჩემი სიტყვები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრესირებს და დროა, ეროვნულმა ნაკრებმა მისი კარგი ფორმით სარგებელი მიიღოს. შესაძლოა, ის ტიპური 9 ნომერი არ არის, თუმცა საკმაოდ ძლიერი და სწრაფია. მას შეუძლია ითამაშოს შეტევაში არა ერთადერთ ფორვარდად, არამედ სხვა მოთამაშესთან წყვილში. მოახლოებულ შეხვედრებში ექნება შესაძლებლობა, მაჩვენოს მე და მთელ საქართველოს, რამდენად უკეთესი გახდა ამ წლის განმავლობაში.
ხვიჩას ბოლო თვეებში დიდი პროგრესი აქვს. ის დიდებულ კლუბშია, ფანტასტიკურ მწვრთნელთან. იგი უკეთესი ხდება და იმაზე მეტს აღწევს, ვიდრე ელოდნენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, თუმცა თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, იქ კვარაცხელია მარტო არ იქნება და ის გუნდთან ერთად ითამაშებს, რადგან ხვიჩა არ არის ერთადერთი ამ ნაკრებში. ვგრძნობ, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, ის ახალგაზრდაა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შესანიშნავი ხასიათი აქვს და შრომისმოყვარეა. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. ყველას გვინდა, რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).