ვილი სანიოლი - მიქაუტაძეს ასეთ თამაშს უფრო მაღალ დონეზეც ვუსურვებ, მას ეს შეუძლია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი (23 გოლით) გახდა.
„გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა – არა მხოლოდ გატანილი გოლების მხრივ, არამედ მისი თამაშის სტილითა და საქმისადმი მიდგომით. ვფიქრობ, ეს ბოლო პერიოდში მისი მხრიდან მეტი მუშაობის შედეგია.
ვუსურვებ, უფრო მაღალ დონეზეც შეძლოს ასეთი თამაში – ეს მას შეუძლია. არ ვიცი, დარჩება თუ არა „მეცში“. მთავარია, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი გლაზგოში შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შეკრება თბილისში უკვე დაიწყო, მიქაუტაძე გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.