ვილი სანიოლი - მიხარია, რომ ტაილანდთან ბევრი გოლი გავიტანეთ, მეტიც შეგვეძლო #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტაილანდთან მოგებული (8:0) მატჩის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. პირველი კითხვა გიორგი მიქაუტაძის თაობაზე დაისვა, რომელიც პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც „ჯვაროსნების“ ფორმით პოკერი (ოთხი გოლი ერთ მატჩში) შეასრულა.
„გიორგი ამჟამად რთული ვითარებაშია, მაგრამ ფეხბურთელი სირთულეებს არ უნდა შეუშინდეს, „აიაქსში“ უნდა დარჩეს და თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. შრომას თუ გააგრძელებს, შანსს აუცილებლად მიიღებს. დღეს ძალიან გამიხარდა, რომ პოკერი შეასრულა.
რაზე ველაპარაკე კვარაცხელიას თამაშის შემდეგ? ჩვენ რამდენიმე სათამაშო მომენტი გავარჩიეთ, რომლებსაც ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ხვიჩამ იცის, რომ მე დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. მას „ნაპოლიში“ რთული სეზონი ელის და წინსვლა უნდა გააგრძელოს.
როდესაც ვთქვი, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად უცხოეთში უკეთ ვითარდებიან და არ მესმის, საქართველოში ამას რატომ ვერ ახერხებენ-მეთქი, ამაზე ფეხბურთელები უკეთ უპასუხებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპულ კლუბებეში ფიზიკური მომზადება უფრო მაღალ დონეზეა.
კონკრეტულად ალთუნაშვილისა და ჩაკვეტაძის მაგალითზე ვსაუბრობდი. რაც ახალ კლუბებში გადავიდნენ, ფიზიკურად საგრძნობლად მოუმატეს. ჩაკვეტაძე ახლა ბურთის ფლობაში ბევრად უკეთესია. თანამედროვე ფეხბურთში მეტი შრომაა საჭირო და ყურადღება ამაზე გავამახვილე.
მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. საქმეს სერიოზულად მივუდექით და შედეგი ამის დამსახურებაა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ზივზივაძემ ცუდად ითამაშა. სამწუხაროდ, ის და მიქაუტაძე კლუბში ცოტას თამაშობენ, მაგრამ დღევანდელი შანსი სამომავლოდ ორივეს წაადგება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.