ვილი სანიოლი - მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი მომენტი დავინახე #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი მომენტი დავინახე #1TVSPORT

ვილი სანიოლმა გორში, უზბეკეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო. „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა წლის ბოლო მატჩი დადებითად შეაფასა. თუმცა, გუნდის თამაშში მინუსებიც აღნიშნა.

– ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. წლის ბოლო მატჩი გავმართეთ და ამ შემთხვევაში მთავარი იყო, რომ დადებითი შედეგით დაგვესრულებინა. რიგ ეპიზოდებში, დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებდა. შვედეთის შემდეგ ზოგიერთ მოთამაშეს დაღლილობაც დაეტყო.

– ჩაკვეტაძეს ორიოდე დღის წინ ვესაუბრე. მას ტკივილი აწუხებდა და შეკრება ამიტომ დატოვა. გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას ვუსურვებ.

ვოლკოვმა შვედეთთანაც კარგად ითამაშა, დღეს გოლი გაიტანა. უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ის ჩვენთან უფრო ხშირად უნდა იყოს.

– მარტამდე დიდი შუალედია. ბევრი მიმართულებით ვიმუშავებთ, დავაკვირდებით ნაკრების წევრებს და სხვა საინტერესო მოთამაშეებს…

– მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი ეპიზოდი იყო. სექტემბერში კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო ვწუხვარ. შევეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ნაკრებში როგორი გარემო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფეხბურთელებმა მარტში თავი კარგად წარმოაჩინონ.

– მთავარია, რომ ხვიჩამ ის გააკეთოს, რაც მის კარიერას სჭირდება. მან ეპიზოდებში აჩვენა ის თამაში, რა ფეხბურთსაც მისგან ქართველი გულშემატკივარი ელის.

– შვედეთთან ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ არ შემეცვალა ნახევარდაცვის ცენტრი, რომელმაც კოსოვოსთან კარგად ითამაშა. ახლა კი კანკავა ნაკრებიდან ოჯახური მიზეზებით წავიდა. მას და მისი ოჯახის წევრებს ყოველივე კარგს ვუსურვებ.