ვილი სანიოლი - მარტის პლეიოფამდე დარჩენილი ოფიციალური თამაშები ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის კარგი შანსია #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მარტის პლეიოფამდე დარჩენილი ოფიციალური თამაშები ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის კარგი შანსია #1TVSPORT

ნოემბრის სანაკრებო შეკრების დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან შოტლანდიასა (16 ნოემბერს) და ესპანეთთან (19 ნოემბერს) მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

„კიტეიშვილს ტერფის ტრავმა აქვს და ასეთი ტრავმების დროს სიფრთხილე საჭიროა. დარწმუნებული ვარ, ავსტრიაში მაღალი დონის ექიმები არიან და მოედანზე სწრაფად დაბრუნებაში დაეხმარებიან. ხოჭოლავაც ტრავმირებულია, მაგრამ ამჯერად მასზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს.

საბა ლობჟანიძეს რაც შეეხება, მან გუშინ მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა „ატლანტა იუნაიტედში“ და შოტლანდიასთან შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა. ის ამიტომ არ გამოვიძახეთ, თორემ საბა ჩვენს გეგმებშია.

მარტის პლეიოფამდე მხოლოდ ეს ორი ოფიციალური თამაში დარჩა. ფეხბურთელებისთვის კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ყველამ ვიცით, რომ ეს შეხვედრები მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქამდე კიდევ დიდი დრო დარჩა და ვნახოთ, რა იქნება.

წელს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, გაგნიძე და საზონოვი ახლა კლუბებში თითქმის არ თამაშობენ. სწორედ ამიტომ, მათ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს. იმედია, შრომას გააგრძელებენ და მომავალში მეტს ითამაშებენ. ეს ჩემთვის გამოძახების წინაპირობა იქნება.

რაც შეეხება წიტაიშვილს, მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ლევან შენგელიამ ბოლო თამაშები კარგად ჩაატარა და ამ ეტაპზე მისი გამოძახება გადავწყვიტეთ. წიტაიშვილმა კი იცის, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ მოლოდინები გაამართლოს.

საყრდენის ზონა პრობლემურია და ალთუნაშვილს ოფიციალურ შეხვედრებში შანსს თუ მივცემ? პრობლემები მარტო აქ არ გვაქვს. ამ პოზიციაზე ქოჩორაშვილმა, კიტეიშვილმა და ჩაკვეტაძემ დაბალანსებული თამაში გვაჩვენეს. სანდრომ კი ამხანაგური მატჩი კარგად ჩაატარა და რადგან გამოვიძახე, იმას ნიშნავს, რომ მისი იმედი მაქვს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მატჩების განრიგი:

16 ნოემბერი, 21:00
საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი, 23:45
ესპანეთი – საქართველო