ვილი სანიოლი - ლუქსემბურგთან მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფინალში შეცდომები უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის (2:0) მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შედეგით კმაყოფილება არ დამალა, მაგრამ ხარვეზებზეც გაამხვილა ყურადღება.
„პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ერთი საათის შემდეგ შეცდომებს ვუმატეთ, მაგრამ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება მეორე ტაიმში მომხდარ გადამწყვეტ მომენტს, რთული ეპიზოდი იყო. მთავარია, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გოლი არ ჩათვალა.
ბოლო 30 წუთი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. ფინალში კი ამ ხარვეზების გამოსწორება მოგვიწევს, რადგან თბილისში ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, დიდ მოტივაცია ექნება.
ვის ვისურვებდი მეტოქედ? ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფინალში ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და იმედია, იმას გააკეთებს, რაც შეუძლია და რასაც მისგან ველოდებით. შესაძლოა, სხვა ცვლილებებიც იყოს,“ – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებს ახლა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი ელის, რომელშიც ჩვენი გუნდი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს „დინამო არენაზე“ 26 მარტს უმასპინძლებს.