ვილი სანიოლი - კვარაცხელიამ წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა, მან ჩემს მოლოდინს გადააჭარბა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იტალიურ გამოცემა Gazzetta dello Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
როგორ ფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია?
– ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელზეც ყველა ორიენტირებულია, რადგან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. შესანიშნავი თვისებები ჰქონდა და ძალიან სწრაფად შეეგუა იტალიას. მან შედეგიანობა გააუმჯობესა, თანამედროვე ფეხბურთში კი სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
ელოდით მისგან სერია A-ში ასეთ შედეგს?
– ამის იმედი მქონდა, მაგრამ იმან, რაც მან შეძლო იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
როგორ ფიქრობთ, ამჟამად „ნაპოლი“ მისთვის ყველაზე შესაფერისი გუნდია?
– მე ვიტყოდი, რომ დიახ. უბრალოდ, ვფიქრობ, ფეხბურთელმა სადაც არ უნდა ითამაშოს, ერთ-ერთი მთავარი ყველგან მწვრთნელის ნდობაა. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ლუჩანო სპალეტისთან. დარწმუნებული ვარ, ეს სპეციალისტი ხვიჩას შემდგომ ჩამოყალიბებაში დიდ წვლილს შეიტანს.
რომელმა ასპექტმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– ის ამბიციური და ძალიან მონდოებულია მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც, რასაც ყოველდღე აჩვენებს ვარჯიშებზე და ზოგადად, ცხოვრების წესით. მან მოძებნა სწორი ბალანსი, რომ კარიერა კარგად აეწყო. ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ სურთ, იყვნენ საუკეთესოები, მაგრამ ამის მისაღწევად ხშირად მაქსიმუმს არ აკეთებენ. ხვიჩა კი პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო გახდეს.
შეუძლია, რომ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული იყოს?
– ახლა ძნელია პასუხის გაცემა. მიზანი, რომელიც მან უნდა დაისახოს, ამ დონის შედეგიანობის და ზრდის შენარჩუნებაა. საკუთარ თავს თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე უნდა დაუმტკიცოს, რომ ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.
შესაძლებელია, კიდევ გამოჩნდეს ახალი ქართველი ვარსკვლავი?
– არის ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა პარკაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშე გახდა.