ვილი სანიოლი - კოსოვოს ნაკრები უფრო სწრაფად თამაშობდა, კვარაცხელია-ლობჟანიძის არყოფნამ დაგვაზიანა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოსთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბათუმის ახალ არენაზე გამართული შეხვედრა შეაფასა.
„რთულ ჯგუფში ვართ და გვინდა, აუტსაიდერები არ ვიყოთ და უკეთ ვითამაშოთ. შეტევასა და ნახევარდაცვაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა, თუმცა ეს არ გვამართლებს. დღეს დაბალ ტემპში ვითამაშეთ, განსაკუთრებით – პირველი 20 წუთი. წავაგეთ და, ბუნებრივია, ეს მისაღები შედეგი არაა, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, შეხვედრა კარგად გავაანალიზოთ და ესპანეთთან უკეთ ვითამაშოთ.
კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები უკეთეს რიტმში თამაშობდნენ. მათ გამარჯვებას ვულოცავ. მათ და ჩვენს შორის დიდი განსხვავება იყო. კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები შეთამაშებულები იყვნენ.
შენგელია და ოქრიაშვილი ამჯერად ნაკრებისთვის მზად არ იყვნენ, რადგან აგვისტოში ცოტა ითამაშეს. დღეს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ იყო, რომლებიც ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ტრავმების გამო ოქრიაშვილმა ამ ბოლოს დროს 60 წუთი ითამაშა მხოლოდ, შენგელიამ ორჯერ 15-15 წუთი. იმედია, ჩვენი ყველა ფეხბურთელი ოქტომბერში გასამართ შეხვედრებში ჯანმრთელად იქნება.
კვარაცხელიასა და ლობჟანიძის არყოფნა ჩვენს შეტევით პოტენციალს აზიანებს. დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, უკეთესი ფეხბურთის ჩვენება გვსურს, რასაც ესპანეთთან ვეცდებით. რაც შეეხებათ ფლანგის მცველებს, ჩაბრაძეს და აზაროვს, ისინი ბევრს ცდილობდნენ. გიორბელიძე და კაკაბაძეც გამოვიძახეთ, მაგრამ არჩევანი სათამაშო პრაქტიკის მიხედვით გავაკეთეთ.